გონიოში ლელოს წევრებმა ჩამოხსნეს პატრიოტთა ალიანსის ბანერი, სადაც აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად იყო გამოსახული.
ლელოს ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ უარი თქვას პრორუსულ განწყობებზე.
"პატრიოტთა ალიანსი ვერც ერთ ხმას ვერ წაიღებს აჭარიდან, რადგან ისინი ასე მოღალატეობრივად უდგებიან აჭარის მოსახლეობას", - განაცხადა კუპრაძემ Facebook Live-ის დროს.
ცნობისთვის, პატრიოტთა ალიანსმა აჭარაში პარტიის საარჩევნო ბანერზე აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად გამოსახა. ბანერის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელებში სამართლიანი არჩევნების იურისტმა ნინო რიჟამაძემ დღეს, 29 აგვისტოს გაავრცელა.
თურქოფობიითა და ქსენოფობიით გამორჩეული პატრიოტთა ალიანსი უკვე წლებია ქვეყანაში, განსაკუთრებით კი აჭარაში ანტითურქულ პროპაგანდას ავრცელებს. 2020 წლის არჩევნებისთვის კი პარტიამ აჭარაში განთავსებულ წინასაარჩევნო ბანერებზე შემდეგი მოწოდება გაავრცელა: "დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!".