აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში უკვე კოლეგების მხარდაჭერაც ისჯება. დირექტორის მიმართ პრეტენზიები სულ უფრო მატულობს და განსხვავებული აზრის დევნის ფორმებს, კრიტიკული პოსტის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობა ემატება. ამაზე ღიად წერს მაუწყებლის ჟურნალისტი, რომლის დასჯა დირექციამ ეთერიდან მოხსნილი წამყვანის სოლიდარობის გამო გადაწყვიტა.
ჟურნალისტისგან არხის ხელმძღვანელობა მწვავე მოსაზრებების დაუყოვნებლივ უარყოფას მოითხოვს.
აჭარის მაუწყებელში დირექტორად გიორგი კოხრეიძის დანიშვნის შემდეგ საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშორეს ან სამსახურიდან გაუშვეს რვა ჟურნალისტი. კოხრეიძის ამ გადაწყვეტილებას ჟურნალისტთა ნაწილი აფასებს, როგორც მაუწყებლობის პოლიტიკის შეცვლის მცდელობას.