ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია 2007 წელს დაბადებული გ.რ.
"თბილისში, თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი 2007 წელს დაბადებული გ.რ. დააკავეს. მას მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.
გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ გ.რ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მან დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა და ამავე საქმეზე უკვე დაკავებულ პირთან -2008 წელს დაბადებულ ა.გ.-სთან ერთად ადგილიდან მიიმალა", - აცხადებენ შსს-ში.
გუშინ, 25 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც თბილისში რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ.
არსებული ცნობით, მას 3 ოქტომბერს ჩაუსაფრდნენ, სცემეს და მძიმე დაზიანებები მიაყენეს.
ავალიანი კლინიკაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე ერთი პირია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
