logo
ENG



ახალგორელ აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს 10 დღეა, ელექტროენერგია გამოურთეს

26 სექ 202011:28
3 წუთის საკითხავი
 
2l999c6ii2ksbx3.jpg

ახლგორელ ჟურნალისტს და აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს უკვე 10 დღეა, ელექტროენერგია არ მიეწოდება.

მეარაყიშვილი ამბობს, რომ მას პროკურატურა დევნის და ზეწოლის ერთ-ერთ მექანიზმად სწორედ ამ ხერხს მიმართავს.

ე.წ პროკურატურა ელექტროენერგიის ჩაჭრის ოფიციალურ მიზეზად დავალიანებას ასახელებს, რომელიც მეარაყიშვილს სინამდვილეში არ აქვს.

დავალიანება, რომელიც 9000 რუბლს შეადგენს (დაახლოებით 400 ლარი) ჟურნალისტს 2017 წელს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დახმარებით ჩამოეწერა.

მეარაყიშვილი ამბობს, რომ ელექტროენერგიის შეწყვეტამდე საოკუპაციო რეჟიმის პროკურორი, ალან კულუმბეგოვი მას ღიად ემუქრებოდა, აშანტაჟებდა და "საქართველოს ჯაშუშს" უწოდებდა.

აქტივისტის თქმით, პროკურატურამ ელექტროენერგიის თანხის გადახდისთვის ვადა 28 სექტემბრამდე მისცა. თუ მეარაყიშვილი ამ თანხას ორშაბათის ჩათვლით არ გადაიხდის, საქმის მასალები სასამართლოს გადაეცემა.

"გუშინ ვიყავი პროკურატურაში. თავად დაიწყეს დენის ჩაჭრის საქმეზე ლაპარაკი. მე ვკითხე, რა მასალებზეა ლაპარაკი, საიდან მოიტანეს, რომ დავალიანება მაქვს. ვუთხარი, რომ მინდა, საქმე სასამართლოს გადაეცეს. ეს ნიშნავს, რომ ჩემი უშუქობა მინიმუმ 1 თვეს კიდევ გაგრძელდება". - ამბობს აქტივისტი.

თამარ მეარაყიშვილს მე-4 წელია, დევნიან. ის შინაპატიმრობაშია.

მეარაყიშვილის საქმეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ სასამართლო მეოთხედ განიხილავს - 2020 წლის იანვარში ე.წ უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ, პროკურატურის საჩივრის საფუძველზე, საქმის ე.წ პირველ ინსტანციაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. მეარაყიშვილმა საოკუპაციო რეჟიმს ცილისწამების საქმე სამჯერ მოუგო როგორც რაიონულ, ისე ე.წ უზენაეს სასამართლოში. პროცესები 3-წელზე მეტია გრძელდება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მეარაყიშვილს რეგიონის დატოვების უფლება არ აქვს.

მეარაყიშვილმა საოკუპაციო რეჟიმი სასამართლოში ბოლოს 2019 წლის ივლისში დაამარცხა. მას ბრალი პარტია "ერთიანი ოსეთის" მისამართით ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებაში, ასევე, გაყალბებული დოკუმენტით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეობის უკანონო მოპოვებაში ედებოდა.

2017 წლის 8 ივნისს, დაკითხვისა და დაშინების მიზნით, ის ახალგორიდან ოკუპირებულ ცხინვალში გაიტაცეს. ახალგორის ე.წ. პროკურატურამ ე.წ. ხელისუფლების პარტია "ერთიანი ოსეთის" მიმართ ცილისწამების საქმეზე მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ბრალდებას საფუძვლად დაედო ჟურნალისტის კრიტიკული მოსაზრებები პარტიის "ცალკეული პირების მიმართ".

თუმცა, საერთაშორისო აქტორების ჩართვის შემდეგ თამარ მეარაყიშვილი სახლში დააბრუნეს.

2018 წლის 4 სექტემბერს ახალგორის ე.წ. სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე დაუსაბუთებლად ცნო და მიიჩნია, რომ არ არსებობდა დანაშაულის არც შემადგენლობა, არც ჩადენის დრო და ადგილი. ე.წ. პროკურატურამ გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა, თუმცა თამარ მეარაყიშვილს ორი ახალი ბრალი წარუდგინა - ოფიციალური დოკუმენტის არაკანონიერი მოპოვება და მისი გამოყენება. მათი მტკიცებით, ჟურნალისტმა სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეობა მიიღო და საქართველოს მოქალაქეობაც შეინარჩუნა.


close დახურვა