logo
ENG



ახალგორი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე - მოსახლეობა შველას ითხოვს

22 ოქტ 201920:20
3 წუთის საკითხავი
 
dmf9fc7cvm0vz2s.png

უახლესი კადრები ოკუპირებული ახალგორიდან. ოკუპანტების მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვების გამო, მოსახლეობას გადაადგილება სრულად აეკრძალა. შედეგად დაბაში ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხეა. ვიდეომასალა ადგილობრივებმა ახალგორიდან თავად გამოგვიგზავნეს. ისინი შველას ელოდებიან და ხელისუფლებას დახმარების თხოვნით, წერილს უგზავნიან. მმართველ გუნდს კი ამ თემაზე საუბარიც არ სურს. ადგილობრივები საქართველოს ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ და პროდუქტების და მედიკამენტების დეფიციტზე საუბრობენ. 

როგორც "ფორმულასთან" ადგილობრივი თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, არიან ადამიანები, რომელთაც გეგმიური ქიმიოთერაპიის პროცესი უცდება. მისი თქმით, ახალგორში ზაფხულში სტუმრად მყოფი სტუდენტები და მოსწავლეებიც ჩარჩნენ, ხოლო მოსახლეობა ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშაა. ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების დახმარებისკენ მოუწოდებს სახალხო დამცველი, მესამე სექტორი კი მთავრობას აქტიურობისა და ვალდებულებების დაცვას სთხოვს. საოკუპაციო საზღვრის ჩაკეტვის საკითხზე კომენტარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროში არ აკეთებენ, - ეს სწორედ ის უწყებაა, რომლის მისამართითაც ბრალდებებს ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი აყენებს. სწორედ მის წინააღმდეგ ჰქონდა ოკუპირებულ რეჟიმს საქმე აღძრული.

"პირადად ჩემს თავზე მაქვს ეს გამოცდილი. ჩემზე უარესათ სამხრეთ ოსეთში არავინ იყო, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ჩემს წინააღმდეგ და მინისტრისგან ერთი, მხარდასაჭერი გზავნილიც კი არ მიმიღია, პირიქით, ჩემი დისკრედიტაციით იყო დაკავებული. გადავხედე სამინისტროს გვერდს და ძირითადად, მინისტრის პიარს ემსახურება," - განუცხადა „ფორმულას“ თამარ მარეყიშვილი.

საოკუპაციო რეჟიმი 4 სექტემბერს  სასწავლო პროცესის დაწყების მიზეზით ჩაკეტილი შესასვლელის გახსნას არ აპირებს. მეარაყიშვილის განცხადებით, შესაძლოა, აკრძალვამ ახალ წლამდე იმოქმედოს.  


close დახურვა