პოლიტიკური გაერთიანება ახალი, გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა საარჩევნოდ ერთიანდებიან. ამის შესახებ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
ნიკა გვარამიას თქმით, ერთიანდებიან, რათა, საქართველოს ჩამოაშორონ რუსული გავლენები, "სახლში გაუშვან ბიძინა ივანიშვილი", ხოლო მოქალაქეებმა უსაფრთხო და ბედნიერ გარემოში იცხოვრონ.
"მინდა, საზოგადოებას ვაუწყო, რომ აქ წარმოდგენილი პარტიული ძალები, პოლიტიკური გაერთიანება ახალი, დროა, გირჩ-მეტი თავისუფლება, ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს ისტორიის და იმ უმნიშვნელოვანესი მომენტის მიმართ, რომელიც დღეს უდგას საქართველოს, იმ გადამწყვეტი მომენტისთვის, რომელიც განსაზღვრავს მის მომავალს და აქედან გამომდინარე, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ არჩევნებზე გამოვიდეთ ერთად.
ვფიქრობთ, რომ ჩვენი სიტყვის ერთგულება, რომელიც გამოიხატა ხელმოწერაში პრეზიდენტ ზურაბიშვილის ქარტიისა და ასევე, ბრიუსელში ხელმოწერილი განაცხადის, რომელიც ეხება საერთო მიზნებისთვის ბრძოლას და პირველ რიგში, ეს არის საქართველო დასავლეთში, ევროპულ ცივილიზაციაში და ასევე, საქართველოს მოსახლეობისთვის უზრუნველყოფა წარმატებული, უსაფრთხო გარემოსი და ბედნიერების შესაძლებლობის მიცემა ქართველებისთვის, არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც ყველა პარტიულ, თუ არაპარტიულ სუბიექტს გვაიძულებს, დავდგეთ ჩვენს მოსაზრებებზე, წინააღმდეგობებზე, ეგოებზე მაღლა", - განაცხადა ახალი ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.
მისივე თქმით, ახლა ერთიანობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი, რასაც ქართული საზოგადოება ითხოვს.