logo
ENG



ახალი ბიუჯეტის დამტკიცების გამო, ბათუმის საკრებულოში ხმაური და დაპირისპირებაა

25 ნოე 202118:04
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/25/6d8bp6cghjcvotf.png

ბათუმის საკრებულოში ახალი ბიუჯეტის დამტკიცების გამო ბიუროს სხდომაზე ხმაურია. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციისა და ქართული ოცნების დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ბიუროს დაწყებისას ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნების დეპუტატებს სურთ, 2022 წლის ბიუჯეტი საკრებულოს ძველი შემადგენლობით დაამტკიცონ, თუმცა ოპოზიციის თქმით, ბიუჯეტის დამტკიცების საკითხი ხვალინდელი დღის წესრიგიდან უნდა ამოიღონ. 

ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერები: ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კირთაძე, მირდათ ქამადაძე, ასევე ლელოს წევრი ირაკლი კუპრაძე. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზიდან გაიყვანა. 

ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ისინი ბიუჯეტის დამტკიცებას არ დაუშვებენ, რადგან ის ახალმა საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. ბიუროს სხდომა ამ დროისთვის ჩაშლილია. 

აღსანიშნავია, რომ ბათუმის საკრებულოში ძალთა ბალანსი 17/17-ზეა. ანუ ქართულმა ოცნებამ ამ არჩევნებზე ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ვერ მოიპოვა. ვითარება ბათუმში ასევე მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატი ნუგზარ ფუთკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. 

ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი კირთაძემ 24 ნოემბერს ბრიფინგზე თქვა, რომ ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა.

კირთაძის თქმით, ოცნებას საკრებულოში უმრავლესობისთვის ნაციონალური მოძრაობის ფრაქციიდან ერთი დეპუტატის გადაბირება სჭირდებოდა, ერთ-ერთი პირველი კი, ვისზეც ზეწოლა დაიწყო, ნუგზარ ფუტკარაძე იყო.

კირთაძემ ბრიფინგზე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მისივე თქმით, ისმის, როგორ სთავაზობენ ფუტკარაძეს ქართულ ოცნებაში გადასვლის სანაცვლოდ 100 000 დოლარს. მისი განცხადებით, ფუტკარაძემ ჩანაწერების გაკეთება მას შემდეგ დაიწყო, რაც შეხვედრები გაუსაძლის ხასიათს იღებდა.


close დახურვა