პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მომზადებული დასკვნა ხელისუფლების ვერსიას თავდაყირა აყენებს. თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირი ტერისტებთან არ დასტურდება - ანგარიში "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" სუს-იდან გამოთხოვილი მასალების საფუძველზე მოამზადა.
დასკვნიდან ირკვევა ის, რასაც შვილმოკლული მამა უკვე მესამე წელია, ამტკიცებს. ვერც ერთი მტკიცებულება ვერ ადასტურებს მოკლულის სატელეფონო კავშირს აჰმედ ჩატაევთან და ვერც თანხის ჩარიცხვას თემირლან მაჩალიკაშვილის ანგარიშზე.
საქმის მასალებმა მალხაზ მაჩალიკაშვილი ძალოვანი მაღალჩინოსნების დანაშაულში კიდევ ერთხელ დაარწმუნა. პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს საქმის მტკიცებულებების გაცნობის შესაძლებლობა გამოძიების შეწყვეტის შემდეგ მისცეს.
ოჯახის ინტერესების დამცველ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მასალებში ბევრი უზუსტობაა. მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონიდან ამოღებული მიმოწერების თარგმანში, სადაც მოკლული ახალგაზრდა ისლამურ სახელმწიფოსა და აფეთქებაზე მეგობარ გოგოს ელაპარაკება. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ სწორედ საეჭვო დეტალების გამო არ აძლევდნენ საქმის შეწყვეტამდე , მასალების გაცნობის შესაძლებლობას. მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმე იანვარში შეწყდა. გამოძიებამ სპერაზმელის ბრალეულობა ვერ დაადგინა.
მაჩლიკაშვილების ოჯახი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას 2 წელზე მეტია უშედეგოდ ითხოვს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომელთა ხმებიც ამ პროცესში საკმარისი არ აღმოჩნდა, ამბობენ, რომ შესაძლოა საგამოძიებო უწყებებს თემირლან მაჩალიკაშვილთან ლეგიტიმური კითხვები ჰქონდა, თუმცა ეს საკუთარ საწოლში მის მკვლელობას არ ამართლებს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ამ საქმეს ევროსასამართლოში საქართველო წააგებს.
მმართველი გუნდის წარმომადგენლებს კი გამოძიების შეწყვეტის შემდეგ კითხვები აღარ დარჩათ. თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს. დააკავეს რამდენიმე ადგილობრივი. ამ სპეცოპერაციას კი წინ უძღოდა მასშტაბური ანტი ტერორისტული ოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც აჰმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების ორი წევრი მოკლეს.
იმის გამო, რომ ამ მოწვევის პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისია არ შეიქმნა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აანონსებს, რომ შესაძლოა არჩევნების გზით დეპუტატობა თავად სცადოს და კომისიის შექმნას უკვე პარლამენტიდან შეეცადოს.