logo
ENG



ახალი გარემოებები მუმლაძის მკვლელობის საქმეში - დანაშაულში კიდევ ერთი პოლიციელი იკვეთება

14 ოქტ 201920:07
3 წუთის საკითხავი
 
wtjxr5t1lcz37jv.png

35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმის გარემოებები სულ უფრო მძიმდება. ხუთიდან ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახი ამტკიცებს, რომ  მუმლაძის გატაცების შესახებ პოლიციის მაღალჩინოსნები საქმის კურსში იყვნენ. გეთაშვილის ოჯახი მაღალჩინოსნის ვინაობას არ ასახელებს. თუმცა, ბრალდებულის ცოლი ამტკიცებს, რომ შეხვედრა ორთაჭალაში, სამინისტროს შენობაში შედგა. გიორგი გეთაშვილმა მას მოუყვა როგორ დაესხნენ თავს მას და მუმლაძეს გლდანში, როგორ გაიტაცეს ის, გეთაშვილს კი დაემუქრნენ. ბრალდებულის ოჯახის მტკიცებით, სამინისტროს მაღალჩინოსანმა გაჩუმება ურჩია. ოჯახი და ადვოკატი ამტკიცებენ, რომ ის უდანაშაულოა და არანაირი მონაწილეობა გატაცებასა და მკვლელობაში არ მიუღია. 

გეთაშვილის ინტერესების დამცველის მტკიცებით, პოლიციელების სკანდალურ საქმეზე, სამართალდამცავი უწყება ფაქტებს მალავს. ადვოკატი მედიასთან მომხდარის ახალ ვერსიას ყვება. ის საქმის მთავარ ფიგურანტად გავლენიან ქართველ ბიზნესმენს ასახელებს, რომელსაც მოკლულ მუმლაძესთან კონფლიქტი ჰქონდა. ადვოკატი ბიზნესმენის ვინაობას საიდუმლოდ ტოვებს და გამოძიების დასრულებას ელოდება.  გეთაშვილის ადვოკატის და ოჯახის ვერსიას ეწინააღმდეგება დაკავებული პოლიციელების აღიარებითი ჩვენებები. აღიარებით ჩვენებებში, რომელიც მედიაში ვრცელდება, დაკავებული პოლიციელები ყვებიან, რომ არ იცოდნენ რა ბედი ელოდა მათ მიერ გატაცებულ დავით მუმლაძეს. მკვლელობის შესახებ კი მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც შეტყობინება პოლიციის განყოფილებაში შევიდა. ისინი აღიარებენ, რომ გაწეული საქმის სანაცვლოდ 4 ათას ლარიანი ჯილდო აიღეს. 

შეგახსენებთ, რომ 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი, მტკვარმა რუსთავში გამორიყა. მას ოჯახი 6 დღის განმავლობაში ეძებდა. ცხედარს, სხეულზე 30-მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. საქმეზე 5 პირია დაკავებული. მათ შორის ორი მოქმედი და ერთი ყოფილი პოლიციელია. სასამართლომ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.  

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.


close დახურვა