სამედიცინო პერსონალის ორივე წარმომადგენელი, რომლებსაც ბოლო 24 საათში კორონავირუსი დაუდასტურდათ, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდაა.
როგორც საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ აღნიშნა, ამ დროისთვის მათ კლინიკაში ინფიცირებულ მედიკოსთან რაოდენობა 11-ს შეადგენს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, გოფოძის თქმით, 26 ინფიცირებულიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
„ამ დროისთვის 26 კოვიდ ინფიცირებული პაციენტი გვყავს. გუშინდელი ანალიზების მიხედვით, 5 პაციენტი დაგვემატა, აქედან 3 ცხელების ცენტრიდან და 2 მედდაა. განსაკუთრებით მძიმეა 1 პაციენტის მდგომარეობა. ის გახლავთ დისტრესინდრომით, მძიმე პნევმონიით და რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუთქვაზეა. ასევე გვყავს 2 განსაკუთრებით საყურადღებო პაციენტი, მათ პნევმონია აქვთ დადასტურებული სხვადასხვა ხარისხის და ისინიც რეანიმაციულ განყოფილებაში არიან, თუმცა მართვითი სუნთქვა არ ესაჭიროებათ, მხოლოდ ჟანგბადი მიეწოდებათ წნევის პირობებში. რაც შეეხება მედპერსონალს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რაიმე მძიმე გამოვლინება ამ დაავადების არც ერთს არ აქვს, მაგრამ ჩვენთან არიან და დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. 11 მედპერსონალია ჯამში ჩვენი დაინფიცირებული, ასევე 11 მედპერსონალია კარანტინში. დანარჩენი ახალი 3 ინფიცირებული პაციენტების კლასტერის მოძიება მიმდინარეობს. მე როგორც ვიცი, მათი კონტაქტები მეტ-ნაკლებად ცნობილია, მაგრამ ეს გუშინ საღამოს დადასტურდა და კონტაქტების მოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ ერთი პაციენტი საჭიროებს მეტ ყურადღებას იმიტომ, რომ იქაც პნევმონიაა და ეს პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადავა ”, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით 879 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან 704 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 პირი გარდაიცვალა.