logo
ENG



რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ხელმძღვანელი ლევან გოფოძე პროკურატურაში დაიბარეს

04 აპრ 202319:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/04/37wjpochr9rtwz1.png

რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ხელმძღვანელი ლევან გოფოძე პროკურატურაში დაიბარეს და გამოკითხეს.

როგორც უწყებიდან გამოსვლის შემდეგ გოფოძემ ფორმულას უთხრა, გამომძიებლის კითხვები რესპუბლიკურში განხორციელებულ სარემონტო სამუშაოებს ეხებოდა, რომლებიც ორი წლის წინ პანდემიის დროს ჩატარდა.

"შეკითხვები შეეხებოდა პანდემიის დროს მიმდინარე კლინიკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს... დამისვეს შეკითხვები, რომლებიც შეეხებოდა რეაბილიტაციის პროცესს, როგორ და რანაირად მიმდინარებდა, ვინ ვიყავით ამაში ჩართული, ამაზე მივაწოდე ინფორმაცია."- აცხადებს გოფოძე.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა გამოკითხვაზე დაბარება იყოს ზეწოლის მცდელობა, რადგან თავადაც მონაწილეობს კლინიკის ექიმების აქციაში, გოფოძე პასუხობს: "იმის იდეას, რომ რესპუბლიკური უნდა გადარჩეს, ვიზიარებთ ყველა. ამიტომაც რაიმე ზეწოლის განხორციელება ამ მიმართულებით არ მგონია იყოს ჩემზე".

ფორმულა პროკურატურისგან ამ დრომდე ელოდება პასუხებს, თუ რა შესაძლო დარღვევები აღმოაჩინა პროკურატურამ და რა მიმართულებით დაიწყო გამოძიება.

კლინიკაში რემონტი 2 წლის წინ, 2021 წლის გაზაფხულზე ჩატარდა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები რამდენიმე კვირაა აქციებს მართავენ და სამინისტროს მიერ დაანონსებულ კლინიკის ნგრევას აპროტესტებენ.

22 მარტს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ხელისუფლებასაც მიმართეს და მოუწოდეს, არ დაუშვან კლინიკის დანგრევა და მისი ადგილმდებარეობის შეცვლა. თანამშრომლებმა ღია წერილში აღნიშნეს, რომ მათთვის მოულოდნელად, ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა დააანონსა, მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში "არასწორი ინფორმაცია და მიზანმიმართული ტყუილები" ვრცელდება. ღარიბაშვილის თქმით, "სახელმწიფოს აქვს კარგი ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო". მისივე თქმით, "არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე".

 

 


close დახურვა