74 გამოჯანმრთელებული და 336 ინფიცირებული - ასეთია დღეის მონაცემები საქართველოში. 30 ახალი დაინფიცირებული დაფიქსირდა დღეს საქართველოში და ეს არის მეორე შემთხვევა მიმდინარე კვირაში, როდესაც ასეთი მაღალია დაინფიცირებულთა რაოდენობა. მედიკოსები ამბობენ, რომ ყველა შემთხვევაში წყარო არ არის ცნობილი.
მედიკოსები კონტაქტების დასადგენად მუშაობენ, თუმცა იმ ვითარებაში, რომ საკმაოდ მაღალია მაჩვენებელი, წყაროების დადგენა უფრო და უფრო რთული ხდება.
გამოჯანმრთელებულებს შორის არის ერთ-ერთი ორსული, რომელიც მოთავსებული იყო პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. 9 თვის ჩვილი, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში არის მოთავსებული მისი მდგომარეობს სტაბილურია. ექიმები აცხადებენ, რომ საზოგადოება პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს ამ საკითხს, დაიცვან დისტანცია და დარჩნენ სახლში.
„ფორმულამ“ ყველა ექიმს ჰკითხა, ხედავენ თუ არა საფრთხეს სააღდგომო ლიტურგიაში - ნაწილმა მათგანმა კითხვას არ უპასუხა, თუმცა ვინც უპასუხა აცხადებს, რომ ეს საზოგადოებისთვის საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს და ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ყველა დარჩეს სახლში და დაწესებული რეკომენდაციები შეასრულოს.
მთავრობის ადმინისტრაციაში ამ დროისთვის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს, რომელიც ონლაინ რეჟიმში იმართება. უცნობია გაკეთდება თუ არა განცხადებები საბჭოს დასრულების შემდეგ.