logo
ENG



ახალი მანქანა შაქარაშვილის საქმეში - ვის ჩააკითხეს ლექსუსის მარკის ავტომობილით

15 ივლ 202011:37
3 წუთის საკითხავი
 

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი ავტომობილი ჩნდება - „ლექსუსის“ მარკის ავტომობილმა ვახო ახვლდიანსა და ნაცემ გიორგი ქათამაძეს ჩააკითხა.

როგორც მოწმის, გიორგი ციცვიძის ჩვენებიდან ირკვევა, მას საბურთალოელმა ლუკა ბეჟანიშვილმა სთხოვა, რომ მცხეთაში ჩასულიყო და 4-5 ბიჭი წამოეყვანა. 

გიორგი ციცვიძესთან ერთად მცხეთაში წავიდნენ ირაკლი დაფქვიაშვილი და შაკო აბრამიშვილი „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილით.

ჩვენებაში გიორგი ციცვიძე საუბრობს, რომ სამივე მანქანაში ორ-ორი ადამიანი იჯდა და მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მცხეთიდან 4-5 ბიჭი იყო წამოსაყვანი - მათ შორის იყო მისი ნაცნობი ვახო ახვლედიანი.

მცხეთაში ჩასულებს იქ დახვდათ კახა სანდოძე და გური დულარიძე, რომლებმაც წამოიყვანეს ვახო ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე. ამის შემდეგ სამივე ავტომობილი დაბრუნდა თბილისში.

უბანში დაბრუნების შემდეგ, ისინი შეიკრიბნენ სტადიონთან, სადაც ბიჭებმა უამბეს მცხეთაშო მომხდარის შესახებ - ამ დროს უკვე მათთან იმყოფებოდა "დიჯეი კოკო" ღიბრაძეც, რომელიც არაგვის ხიდთან მისულმა „მერსედესის“ მგზავრებმა სცემეს და თბილისში ტაქსით ჩამოვიდა. 

გიორგი ციცვიძე აცხადებს, რომ სწორედ სტადიონთან გაიგო, რომ დაბადების დღეზე მყოფი პირებიდან ერთ-ერთმა ახალგაზრდამ პოლიციაშიც დარეკა - თუმცა ციცვიძე არ აკონკრეტებს, ვისზეა საუბარი.

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს, ღამით დაიკარგა - მისი ცხედარი 22 ივნისს იპოვეს.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული - გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინაროებს დამამძიმებელ გარემოებაში, თუმცა დკაავებულთაგან არცერთს ჯერ ამ მუხლით ბრალი არ წარდგენიათ.

 


close დახურვა