logo
ENG



ახალი რეალობა რეგიონში და პომპეოს ვიზიტი საქართველოში - გიორგი თარგამაძის Op-Ed

11 ნოე 202022:01
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/11/77me86kweddbyn6.png

"როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცოს შეთანხმება, რომელიც კავკასიაში ამყარებს კიდევ ერთ  რუსულ ოკუპაციას და ბლოკავს დასავლეთს?", - ეს სიტყვები ამერიკის ყოფილ ელჩს საქართველოში იან კელის ეკუთვნის,  პრეზიდენტ ზურაბიშვილის საპასუხოდ, რომელმაც ყველას გასაკვირად მეზობელ სომხეთს კატასტროფა, ფაქტობრივად, კაპიტულაცია და აზერბაიჯანს კი მის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების დაკანონება მიულოცა.

"ქარვასლა იწვისო" - ამ ხმამ ვაშინგტონამდეც ჩააღწია და უმალვე მივიღეთ სახელმწიფო მდივნის მაიკ  პომპეოს დაუგეგმავი ვიზიტი.

არადა, საქართველო ნამდვილად არის კავკასიის "ქარვასლა" და "იწვის" იმიტომ, რომ  დღეს, როდესაც რეგიონში ახალი რეალობა დგება, რომლის შედეგადაც დასავლეთის გავლენის ვაკუუმს კავკასიაში რუსეთი და თურქეთი ავსებს, ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ამერიკის მთავარი მოკავშირე, დემოკრატიის შუქურა, რეგიონის ლიდერი და სტაბილურობის გარანტი უნდა იყოს, ისეთი არეულობაა, რომ საფრთხე ხელისუფლების ლეგიტიმაციას უდგას. ვინ ვინ და, გამოცდილმა ამერიკელებმა კარგად იციან, რომ დემოკრატიული პრინციპებიც რომ გვერდზე გადავდოთ, არალეგიტიმურ და საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით, არასტაბილურ ხელისუფლებაზე დაყრდნობა, გრძელვადიან პერსპექტივაში, მათივე ინტერესებისთვის იქნება საზიანო.

ამიტომ, უნდა თუ არა და მოწონს თუ არა ვინმეს, შეხვედრებისა და განხილვების მთავარი თემა რეგიონის ტექტონიკურ ძვრებთან ერთად, სწორედაც რომ საპარლამენტო არჩვენების შედეგები და კრიზისიდან გამოსავლის ძიება იქნება .

ქართულ ოპოზიციას კი, რომელიც  ჯერჯერობით პომპეოს შეხვედრების დღის წესრიგშიც ვერ მოხვდა, და გრიგოლ ვაშაძის ბუნდოვანი განცხადებების შემდეგ მათ ერთიანობაზე არაერთი კითხვა გაჩნდა, 1 კვირა აქვს იმისთვის, რომ ამერიკის საელჩოს დახმარებით შეცვალოს პომპეოს შეხვედრების განრიგი და პირდაპირ სახელმწიფო მდივანთან მიიტანოს მილიონამდე ამომრჩევლის გზავნილი. გზავნილი, რომელიც პირველად სწორედ ამერიკაში გაჟღერდა და შემდეგ არაერთხელ, არაერთ ქვეყანაში გამხდარა უსამართლოდ დაჩაგრულთა მთავარი სლოგანი: "თუ არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა". რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია და ქართული საზოგადოების ანგარიშგასაწევი ნაწილი არ შეეგუება უსამართლოდ გაყალბებულ არჩევნებს (იმ არჩევნებს, რომელზეც არც ერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას არ უთქვამს რომ იყო თავისუფლი და სამართლიანი)  და ბოლომდე, ყველა კანონიერი საშუალებით  იბრძოლებს საკუთარი ხმის დასაცავად.

ასევე ისიც, რომ თუ ამერიკისთვის საქართველო რჩება ერთადერთ დასაყრდენად რეგიონში,  პროდასავლური პარტიების კოალიციური მთავრობა, რომელსაც საზოგადოების მაღალი ლეგიტიმაცია ექნება, ბევრად უფრო საიმედო პარტნიორი იქნება ვაშინგტონისთვის, ვიდრე ნახევრად ლეგიტიმური ოცნების მთავრობა, რომლის პროდასავლურობაშიც უკვე ბევრს, მათ შორის მაიკ პომპეოსაც საფუძვლიანად შეიძლება ეპარებოდეს ეჭვი, რადგან ვიზიტის დღის წესრიგში სახელმწიფო მდივნის მიერ ანაკლიის პორტის პირველი ნავმისადგომის საზეიმო გახსნა სამწუხაროდ ნამდვილად არ არის ჩანიშნული, ხოლო თბილისის ცაზე, პომპეოს აქ ყოფნისას, ჯერ კიდევ იქნება შერჩენილი რუსული სამხედრო თვითმფრინავების გადაფრენის კვალი.

და თუ ასეთი შეხვედრა არ ან ვერ შედგება, რაც ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვის, გზავნილი ოპოზიციამ მაინც უნდა მიიტანოს, ოღონდ პირდაპირ რუსთაველის გამზირზე, კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით შეკრებილი ძალიან ბევრი ადამიანის საშუალებით, რომლებიც იტყვიან:

თუ არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა!

ანუ, თუ არ იქნება სამართლიანი არჩევნები, მაღალი ლეგიტიმაციის პარლამენტი - არ იქნება სტაბილური საქართველო და ვერც ამერიკას ეყოლება ჩვენი ქვეყნის სახით  სტაბილური პარტნიორი! 


close დახურვა