შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა რეგიონულ დანაყოფებს ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტომანქანები გადასცა. „მაგირუსის“ ფირმის სახანძრო ტექნიკა თბილისის გარდა რუსთავის, სიღნაღის, ქუთაისის, ზუგდიდის და ბათუმის სამართველოებს გადაეცა. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია გერმანული სახანძრო-სამაშველო მანქანის გადაცემა ბორჯომისთვის.
ავტომობილების საქართველოში ჩამოსვლისთანავე, ტექნიკის სახანძრო-სამაშველო პროცესში ჩართვამდე, მეხანძრე-მაშველებმა ახალ ავტომობილებთან მუშაობის და მართვის სპეციალური სწავლება გაიარეს. სწავლებას გერმანელი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.
„მაგირუსის“ ფირმის სახანძრო ტექნიკა მანევრულობით, მაღალი გამავლობითა და მობილურობით გამოირჩევა. გერმანული ხარისხის წარმოება მორგებულია იმ მოთხოვნებზე, რაც საქართველოს პირობებშია საჭირო. სახანძრო მანქანები შექმნილია სპეციალურად საქართველოსთვის. ისინი აღჭურვილია მაღალი და დაბალი წნევის ტუმბოთი, აქვს 4,5 ტონიანი წყლის ავზი და 300 ლიტრიანი ქაფის ავზი. მანქანებში, ასევე, დამონტაჟებულია ყველა საჭირო სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა. ის სრულად ავტომატიზებულია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი მექანიკური მართვა.