ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 8 ახალი ინფიცირებულიდან 3 პაციენტი არის საკარანტინო სივრციდან, ხოლო 5-ს ინფიცირებულთან შეხება ჰქონია.
როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში სულ 143 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
„გუშინ ქვეყანაში იყო 973 დადასტურებული შემთხვევა. დაგვემატა 8 ახალი შემთხვევა და გვყავს 981 შემთხვევა. მხოლოდ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 143 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს. 8 პაციენტიდან 3 არის საკარანტინო სივრციდან, ანუ იმპორტირებული შემთხვევა, ხოლო დანარჩენი 5 დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტები.
ჩვენთან ახალი პაციენტი არ შემოსულა. გვყავს 23 პაციენტი. არსებული პაციენტების მდგომარეობა უცვლელია - მათი მდგომარეობა საშულო და საშუალოზე მსუბუქია. აბიტურიენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 5-ით გაიზარდა.