logo
ENG



ახალი ჩვენება შაქარაშვილის საქმეში - მოწმე, რომელმაც ნაცემი ქათამაძე მცხეთიდან წამოიყვანა

04 ივლ 202017:25
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულასთვის“ გიორგი შაქარაშვილის საქმის კიდევ ერთი მოწმის ჩვენების შინაარსი გახდა ცნობილი - საუბარია კახა სანდოძის ჩვენებაზე. სწორედ სანდოძემ წამოიყვანა ვახო ახვლედიანი და ნაცემი გიორგი ქათამაძე მცხეთიდან. 

როგორც კახა სანდოძე აღწერს, მას დახმარების თხოვნით მიმართა ლუკა ბეჟანიშვილმა, რომელიც აგარაკზე მომხდარ კონფლიქტშიც ფიგურირებს, მისი სახლიდან ამოღებულია სისხლიანი მაისურიც.

მოწმე იხსენებს, რომ ახვლედიანისა და ქათამაძის ავტომობილში ჩასმის შემდეგ შენიშნა მის უკან  გაჩერებული „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი, რომელსაც ირაკლი დაფქვიაშვილი მართავდა. კახა სანდოძე ვერ აკონკრეტებს, რა მიზნით იმყოფებოდა დაფქვიაშვილი მცხეთაში.

კახა სანდოძის თქმით, მგზავრებს არანაირი დაზიანება არ ჰქონიათ, თუმცა, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში „პოლიტმეტრის“ მიერ ექსკლუზიურად გავრცელებულ მასალაში ჩანს, რომ ქათამაძეს დაზიანებები აღენიშნებოდა სახის არეში. 

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

3 ივლისს ცნობილი გახდა,რომ საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე - ფოტოგრაფი, რომელიც გიორგი შაქარაშვილთან ერთად იმყოფებოდა, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ნათესავია.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

 


close დახურვა