logo
ENG



ახალი ცვლილებებით ლუკაშენკო კიდევ 2 ვადით შეძლებს პრეზიდენტობას და ხელშეუხებლობა ექნება

28 დეკ 202118:52
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/28/78l7sg55lxsvj5h.jpg

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ინიციატივით კონსტიტუციაში ცვლილებები შედის. დოკუმენტში, რომელიც ლუკაშენკოს თქმით, თვითონ დაწერა, გაწერილია გარკვეული ცვლილებები მთავრობის სტრუქტურაში.

ცვლილებების პაკეტი მთავრობის შესაბამის პორტალზე ორშაბათს საღამოს გაჩნდა.

"კონსტიტუცია - მე თვითონ დავწერე. იურისტები კალმით წერდნენ, მე ვკარნახობდი, რადგან ვხედავდი, მე - პრეზიდენტს, რამხელა უფლებამოსილება მჭირდება, რათა ქვეყანა დავიჭირო", - ასე დააანონსა ლუკაშენკომ საკონსტიტუციო ცვლილები დეკემბრის დასაწყისში.

ახალ კონსტიტუციაში გაწერილია პრეზიდენტის უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა და ნორმა იმის შესახებ, რომ ერთი და იგივე პირი შეიძლება იყოს პრეზიდენტი არა უმეტეს ორი ვადით, რომელიც აქამდე არ არსებობდა. თუმცა აღნიშნული შეზღუდვა ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ შევა ძალაში. ასეთ ვითარებაში, ლუკაშენკოს კიდევ შეეძლება, რომ ორი ვადით პრეზიდენტი იყოს.

პრეზიდენტი, რომელმაც შეწყვიტა უფლებამოსილების განხორციელება, პასუხისმგებლობას ვერ აგებს იმ ქმედებებზე, რაც მან თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩაიდინა. იგი რესპუბლიკის საბჭოს მუდმივი წევრი ხდება, რითაც ხელშეუხებლობას იძენს.

ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რომელიც კონსტიტუციაში შევა - შეიქმნება სრულიად ბელარუსის სახალხო კრება, რომელიც ბელარუსის რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო იქნება. კრების წევრთა რაოდენობა 1200 იქნება, ერთი შემადგენლობის უფლებამოსილების ვადა - 5 წელი. კრებას კი უხელმძღვანელებს საბჭო თავმჯდომარესთან ერთად.

ლუკაშენკოს ცვლილებების თანახმად, სრულიად ბელარუსის სახალხო კრება დასტურს გასცემს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჯარის გამოყენებაზე, მის წინაშე ყოველწიურად ანგარიშით წარდგება პრემიერ-მინისტრი, ამასთან შეაფასებს არჩევნების ლეგიტიმურობას. კრებას შეეძლება, რომ დანიშნოს საარჩევნო კომისიის წევრები და უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეები. ამ ეტაპისთვის ამ უფლებამოსილებას პრეზიდენტი და რესპუბლიკის საბჭო ინაწილებენ. გარდა ამისა, კრებას შეეძლება, პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადოს, რაც ახლა პარლამენტის პრეროგატივაა.

ბელარუსი ოპოზიციონერები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახალი ორგანო ლუკაშენკო იმისთვის ქმნის, რომ სამომავლოდ ისევ თვითონ გახდეს მისი ხელმძღვანელი.

ცვლილებების თანახმად, რუსული ენა ბელარუსის ერთ-ერთი სახელმწიფო ენა ხდება. გარდა ამისა, მოქმედ კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ ბელარუსის ნეიტრალური ქვეყნის სტატუსისკენ მიისწრაფის. ახალ რედაქციაში კი ეს პუნქტი აღარაა. ოპოზიციონერი ანატოლი ლებედკო მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები მოსკოვის გულის მოსაგებადაა შეტანილი.

იცვლება პარლამენტის უფლებამოსილების ვადაც, რომელიც ოთხიდან ხუთ წლამდე იზრდება. 

ახლა ცვლილებებზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, რომელიც თებერვლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. ბელარუსის ნებისმიერ მოქალაქეს თეორიულად შეუძლია, რომ პორტალის საშუალებით, ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრება დააფიქსიროს ან საკუთარი პოზიცია წარადგინოს.

"ბელარუსში ამ ცვლილებებსა და დამატებებზე მოთხოვნა არ არის. ოცდაშვიდი წლის განმავლობაში ბელორუსის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის ცხოვრება არ იკვეთებოდა კონსტიტუციასთან. თავდაპირველად კონსტიტუცია ხომ პრემიერი კებიჩისთვის იყო. შემდეგ ლუკაშენკომ მთლიანად გადაწერა და საკუთარ თავს მოარგო. ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ეს კონსტიტუცია საერთოდ არ მუშაობს", - ამბობს BBC-სთან ბელარუსი ოპოზიციონერი ანატოლი ლებედკო.


close დახურვა