თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, ახალი წლის ღამეს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი პირველი იანვრის 03:00 საათამდე იმუშავებს.
კერძოდ, კალაძის თქმით, გახანგრძლივებული რეჟიმით თბილისის მეტრო, ავტობუსები და რიყე-ნარიყალას საბაგირო იმუშავებს.
"მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია - 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო ღონისძიებების ჩატარება იგეგმება. აქედან გამომდინარე, მეტროპოლიტენის მომსახურება 31 დეკემბრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება პირველი იანვრის 03:00 საათამდე; ავტობუსებით მგზავრთა მომსახურება გახანგრძლივდება 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 2024 წლის პირველი იანვრის 03:00 საათამდე; რიყე-ნარიყალას საბაგირო გზით მგზავრთა მომსახურება 31 დეკემბრის 22:00 საათიდან გახანგრძლივდება 2024 წლის პირველი იანვრის 03:00 საათამდე", - განაცხადა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.
ამასთანავე, თბილისის მერის განცხადებით, შობის ღამეს თბილისის მეტროთი მგზავრობა უფასოდ იქნება შესაძლებელი 7 იანვრის 03:00 საათამდე.