მარნეულისა და ბოლნისის შემდეგ, საკარანტინო ზონად შესაძლოა ნინოწმინდა და ახალქალაქი გამოცხადდეს. უკვე ათი დღეა, რაც რაიონში სომხეთიდან 500-ზე მეტი სტუდენტი დაბრუნდა. თვითიზოლაციისკენ მოწოდება კი მათ მხოლოდ რეკომენდაციის სახით მიიღეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკარანტინო ზონებში სტუდენტების სავალდებულო განაწილება მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოაცხადა. უცნობია სად იყვნენ ამ ხნის მანძილზე ახალგაზრდები, ან იცავდნენ თუ არა თვითიზოლაციის წესებს. ამ თემაზე ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი განმარტებას არ აკეთებს. "ნაციონალური მოძრაობის" ახალქალაქის ორგანიზაციის თავმჯდომარე მელიქ რაისიანი კი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ზომები დაგვიანებით მიიღო.
"მაქვს ინფორმაცია, რომ ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან არა 50, არამედ მეტიცაა. ამ დღეებში 500-ზე მეტი სტუდენტი ჩამოვიდა, ხელისუფლებამ კი მათ მხოლოდ თვითიზოლაციისკენ მოუწოდა. საგანგებო მდგომარეობის შემდეგ ისინი 10 საათი კარვებში დააყოვნეს, შემდეგ კი უთხრეს, რომ ადგილების არქონის გამო ისინი ბათუმში გადაჰყავდათ. საბოლოოდ ახალციხის ერთ-ერთ სასტუმროში გაგზავნეს. ოჯახის წევრები ძალიან ღელავენ მათზე",-აცხადებს მელიქ რაისიანი.