ახალციხე-ასპინძის დამაკავშირებელ გზაზე სატვირთო მანქანა ამობრუნდა და შედეგად, 25 ტონამდე ბიტუმი (გუდრონი) დაიღვარა გზაზე, მისი ნაწილი კი მტკვარში აღმოჩნდა.
სატვირთო მანქანა აზერბაიჯანიდან თურქეთში მიდიოდა. მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა გადაყირავდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია. იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით დააჯარიმეს.
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ბიტუმის დაღვრამ გამოიწვია როგორც მიწის, ისე მდინარის დაბინძურება. ინსპექტორებმა ადგილზე აიღეს შესაბამისი სინჯები, რითაც დაანგარიშდება გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ასევე შეადგინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 52-ე მუხლითა (მიწის დაბინძურება, დეგრადაცია ან სხვაგვარი გაუვარგისება) და 58-ე მუხლის პირველი ნაწილით (წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა).