logo
ENG



ახვლედიანი: თითო მოსამართლეს 400-500 საქმე აწერია, ეს კრიზისი ხელოვნურად არის შექმნილი

29 ივნ 202117:01
3 წუთის საკითხავი
 
ახვლედიანი: თითო მოსამართლეს 400-500 საქმე აწერია, ეს კრიზისი ხელოვნურად არის შექმნილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი სასამართლო სისტემის კრიზისზე ლაპარაკობს. 

მისი თქმით, ე.წ მოსამართლეთა კლანის არგუმენტები, რომ უზენაეს სასამართლოში დანიშვნები ვერ შეჩერდება, ვინაიდან ეს კოლაფსს გამოიწვევს, ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა. 

"ეს კრიზისი უკავშირდება საქმეთა სიმრავლეს. არ მართავენ საქმეთა ნაკადებს სწორად და სპეციალურად ხდება მოსამართლეების არდანიშვნა, რომ დაგროვდეს საქმეები და შემდგომ, ამის საფუძველზე ჰქონდეთ ხელისუფლებისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის, საელჩოებისთვის სათქმელი, რომ თითო მოსამართლეს 400-500 საქმე აწერია და თუ არ დავნიშნავთ, მოხდება კოლაფსი და ჩამოიშლება სასამართლო სისტემა. ეს რეალობას არ ასახავს. ეს არის მათ მიერ ხელოვნურად შექმნილი კრიზისები. 

2015 წელს, როცა პირველი ინსტანციის მოსამართლეების გადანიშვნები უნდა მომხდარიყო, შექმნეს ხელოვნური კრიზისი. იგივე გააკეთეს სააპელაციოსა და პირველი ინსტანციის სასამართლოებში. აიყვანეს 400-500 საქმეზე თითო მოსამართლე, არ გაუგრძელეს ვადები დროებით მაინც, გაზარდეს საქმეების რაოდენობა და შემდგომ დააჩქარებინეს ხელისუფლებას მგონი მესამე ტალღის მიღება, რომ სწრაფად მიეღოთ შექმნეს კოლაფსი. თუმცა, ეს ყველაფერი შექმნეს თვითონ. იგივე პროცესია ახლაც უზენაეს სასამართლოში". - თქვა მამუკა ახვლედიანმა ფორმულას ეთერში. 

მამუკა ახვლედიანი ამბობს, რომ ჯერ კიდევ არსებობს მექანიზმები, რომელიც სასამართლო სისტემაში რეფორმების ჩატარებას უზრუნველყოფს. 

"ყველაზე ცუდი ის არის, რომ აქ სახელი და გვარებიც არაფერს წყვეტს. პროცესი დისკრედიტირიებულია და არასწორი ფორმით მიდის - არ ჩატარებულა სასამართლო რეფორმა, შესწავლა არ მომხდარა სასამართლო სისტემის პრობლემების, არავითარი დოკუმენტი არ არსებობს იმის, რა ხდება სასამართლო სისტემაში. 

როცა ადამიანი ექიმთან მიდის, ჯერ დიაგნოზი უნდა დაისვას და შემდეგ ხდება მკურნალობა. 

დანიშვნების შეჩერება არ არის მკურნალობა, ეს არის საჭირო იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად არ დაზიანდეს სასამართლო სისტემა, რომ რეფორმის შემთხვევაში კიდევ უფრო რევოლუციური ცვლილებები არ დასჭირდეს.  

უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის, რა ვითარებაა სასამართლო სისტემაში. უნდა იყოს მეტი ჩართულობა უცხოელების, ადვოკატების, არასამთავრობო ორგანიზაციების. თუ ასე არ მოხდა - ახლა რაც ხდება, არის ერთი ჯგუფის მიერ იმის განსაზღვრა, რა იქნება სასამართლო სისტემაში მომდევნო 20-30 წლის განმავლობაში. არც პროცესს აქვს ნდობა და არც ამ ადამიანების მიერ შერჩეულ მოსამართლეებს. ისინი ეწევიან იმ კარგი მოსამართლეების დისკრედიტაციასაც, ვისაც ნიშნავენ. ამიტომ, ჯობია, ეს პროცესი შეჩერდეს. ცვლილებები შესაძლებელია, რისი ბევრი მექანიზმიც არსებობს. 

არ უნდა მოხდეს ისე, რომ ყველა სამართლებრივი გზა გადაკეტონ ცვლილებებისთვის". - თქვა მამუკა ახვლედიანმა.  

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.

სია შემდეგნაირად გამოიყურება: გიორგი გოგიაშვილი; გოჩა აბუსერიძე; ლევან თევზაძე; ქეთევან მესხიშვილი; გიორგი შავლიაშვილი; რევაზ ნადარაია; ბიძინა სტურუა; ეკა ზარნაძე. 

არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია, მიუთიუთებენ, რომ სასამართლო სისტემას ე.წ კლანი მართავს, რომელიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს. სწორედ ამ მიზეზით ისინი, ისევე, როგორც საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეაჩეროს დანიშვნები უზენაეს სასამართლოში. 

ეს პუნქტი ჩაიწერა შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაში. მოგვიანებით რამდენჯერმე გააკეთა განცხადება აშშ-ის ელჩმაც. თუმცა, ხელისუფლება დანიშვნების პროცესს არ აჩერებს. 


close დახურვა