logo
ENG



ახვლედიანი: თუ საქმე ეხება სახელმწიფო ინტერესს, ერთჯერადად რატომ არ უნდა შევიდეს დეპუტატი

10 თებ 202119:12
3 წუთის საკითხავი
 
ახვლედიანი: თუ საქმე ეხება სახელმწიფო ინტერესს, ერთჯერადად რატომ არ უნდა შევიდეს დეპუტატი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წევრი, არმაზ ახვლედიანი ამბობს რომ "წინააღმდეგობრივსა და დრამატულს ვერაფერს ხედავს" რესპუბლიკელების ინიციატივაში, პარლამენტში ერთჯერადად, კენჭისყრისთვის შევიდნენ.

არმაზ ახვლედიანი, ასევე ამბობს, რომ პირადად, ის სხვა ოპოზიციონერებთან გაივლიდა კონსულტაციებს ამ საკითხზე. 

"მე ახლახანს გავეცანი ამ ინიციატივას და ორ რამეს გეტყვით, პირველი: ყოველთვის ვიქნები წინააღმდეგი კატეგორიული მსჯელობისა, გარდა იმ საკითხებისა, რაც ეხება სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ახლა, აქ რაც ქალბატონმა [ხათუნა] სამნიძემ ბრძანა, მნიშვნელოვან კანონპროექტს თუ შემოგვთავაზებს "ოცნება", შევიდეთ და ერთჯერადად მხარი დავუჭიროთო, მე აქ დრამატულს ვერაფერს ვხედავ.

ეს ნიშნავს ჩვენს ბოიკოტზე უარს? ეს ნიშნავს უარს ჩვენს გაცხადებულ განცხადებაზე, რომ არ გვინდა დეპუტატობა? რას ამბობთ. ღმერთმა ნუ ქნას, ხვალ რომ გამოცხადდეს საგანგებო მდგოპმარეობა, ჩვენ ხომ ყველა დავდგებით საქართველოს სადარაჯოზე, ვინ დავწერეთ განცხადება და ვინ - არა.

აქ, როცა საქმე ეხება წლების განმავლობაში საქართველოს უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინტერესს, ანუ დემოკრატიულობის ხარისხის გაზრდის შესაძლებლობას, ერთჯერადად, ამისთვის რატომ არ უნდა შევიდეს დეპუტატი და რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი, თუ შესვლის გარეშე ეს ვერ მოხერხდება. ვერ ვხედავ წინააღმდეგობას.

მე, რა თქმა უნდა, გავივლი კონსულტაციას კოლეგა ოპოზიციონერებთან, მირჩევნია კონსულტაციის რეჟიმში იყოს გადაწყვეტილებები მიღებული, მაგრამ ჩემს აზრს, თუ ვინმე მკითხავს, ვერ ვხედავ ამაში ვერაფერს წინააღმდეგობრივსა და დრამატულს", - ამბობს არმაზ ახვლედიანი. 

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ თუ ქართული ოცნება ბუნებრივი ბარიერით პროპორციულ საარჩევნო სისტემას დაარეგისტრირებს, ის და თამარ კორძაია კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ და მხარს დაუჭერენ.

როგორც ის განმარტავს, "ეს არ ნიშნავს პარლამენტში შესვლას, მუშაობას, დარჩენას, ეს ნიშნავს ხელის მიჭერას იმისთვის, რომ მივიღოთ უკეთესი მომავალი".

სამნიძე აქვე ამბობს, რომ რესპუბლიკური პარტია საერთო ოპოზიციური შეთანხმების ერთგული რჩება და კვლავ თანახმაა, მათ მანდატები გაუუქმონ.

მამუკა მდინარაძემ 8 თებერვალს განაცხადა, რომ მმართველი პარტია მზადაა, განიხილოს უბარიერო საარჩევნო სისტემა, თუმცა, "ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია".

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემითა და 5%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. პარტია გირჩის პოზიციაა, რომ ნებისმიერი შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით, ბუნებრივი ბარიერით. ამ ცვლილებას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, თუმცა გირჩის პარლამენტში შესვლის შემთხვევაშიც, საკმარისი ხმა ვერ გროვდება. 


close დახურვა