საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ახლა სებ-ი ხარჯავს იმ რეზერვებს, რომელსაც წლების განმავლობაში აგროვებდა.
კობა გვენეტაძემ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განმარტა, რომ შესაბამის დროს ეროვნული ბანკი ახდენს რეზერვების მობილიზებას და ისეთ პერიოდში, როგორიც ახლა დგას, იყენებს რეზერვებს ანუ ერევა ბაზრის მოქმედებაში.
„რეაგირება ყოველთვის უნდა იყოს სიტუაციის შესაფერისი - როცა გვაქვს შოკი, მივიღებთ მიზანშეწონილ ზომებს. საქართველოს ეროვნული ბანკი წლების განმავლობაში აგროვებდა რეზერვებს და რადგანაც რეზერვები არ იყო საერთაშორისოს საზომის ადეკვატური, დავიმსახურეთ რაღაც ქმედებების გამო კრიტიკაც. მაგრამ ფაქტია, რომ ეს იყო აუცილებელი. საწყის ეტაპზე რეზერვები არის ადეკვატური, რაც გვაძლევს საშუალებას, გვქონდეს ჩარევა ბაზარში. როცა არის კარგი დრო, უნდა დავაგროვოთ რეზერვები და ახლა გვაქვს დრო, როცა უნდა დავხარჯოთ რეზერვები. სხვადასხვა სიტუაციაში რეაგირებას აქვს მნიშვნელობა. ამ ეტაპზე ჩვენ ამ მოგროვილ რეზერვებს დავხარჯავთ", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე ჯამში 100 მილიონი დოლარი გაიტანა ლარის გაუფასურების შესაჩერებლად.