logo
ENG



ბადრი ჯაფარიძე: მიტინგები, დიდი ალბათობით, აღარ გაიმართება, სხვა გეგმებში ცვლილებები არაა

26 ნოე 202018:03
3 წუთის საკითხავი
 
ბადრი ჯაფარიძე: მიტინგები, დიდი ალბათობით, აღარ გაიმართება, სხვა გეგმებში ცვლილებები არაა

ლელო საქართველოსთვის ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ვარაუდობს, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, დიდი მიტინგები, ალბათ აღარ გაიმართება. 

გარდა ამისა, ჯაფარიძე მთავრობის მიერ დაწესებულ ახალ შეზღუდვებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ პანდემიის გასაკონტროლებად საჭირო ზომები დროულად არ მიიღო. მან ახალი ანტიკრიზისული საბჭოს შექმნაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის ოპოზიციის წევრებითაც უნდა იყოს დაკომპლექტებული. 

"საზოგადოდ, შეზღუდვები, როგორც ჩანს, ამ ვითარებაში არის გარდაუვალი, როდესაც პანდემია უკონტროლო გახდა. სამწუხაროა, რომ აქაც ხელისუფლებამ ვერ გამოიჩინა თავი დროული ნაბიჯებით და მართვის უნარით. მივედით ისეთ სავალალო მდგომარეობამდე, სადაც ახლა ვიმყოფებით. თუ ასე განვითარდა სიტუაცია, არაინფიცირებული ადამიანი აღარ დაგვრჩება, თუ უსაფრთხოების ყველა ზომა არ გამოვიყენეთ. მინდა მოქალაქეებს მოვუწოდო, ფრთხილად იყვნენ ყველა, როგორც ჩანს, ხელისუფლების იმედზე მაინცდამაინც ვერ ვიქნებით. ყველა უსაფრთხოების ზომა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კოვიდის გაგრძელება ამ ტემპით აღარ გაგრძელდეს. ამავდროულად, გუშინაც მოვუწოდეთ ხელისუფლებას, შეიქმნას ახალი, ანტიკრიზისული საბჭო, რომელიც იქნება სხვა შემადგენლობით და იქნება წარმოდგენილი ოპოზიციაც.

პარალელურად უნდა დავასრულოთ პოლიტიკური კრიზისი პოლიტიკური შეთანხმებით. ეს ნაბიჯებია, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამოიყვანს ამ მძიმე მდგომარეობიდან. ოპოზიციის გეგმებს მანიფესტაციების და მიტინგის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ ეს ურთულესი მდგომარეობა და ამიტომ ჩვენი თანამოქალაქეების ისედაც საფრთხისშემცველ გარემოს კიდევ დამატებითი ფაქტორები არ უნდა დავუმატოთ. ამიტომ აისახება ოპოზიციის გეგმებში, რაც შეეხება მანიფესტაციებს და მიტინგებს, ისინი, დიდი ალბათობით, აღარ გაიმართება. მაგრამ სხვა გეგმებში ცვლილებები არ იგულისხმება, თუ ბოიკოტს გულისხმობთ",- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდება. მათ შორის, გადაადგილებაზე შეზღუდვა (კომენდანტის საათი) 1 საათით გადმოიწევს და 21:00 სთ-დან დაიწყება. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში, ასევე სათხილამურო კურორტებზე: ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სურსათის მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა, დაიკეტება ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ყველა დაწესებული შეზღუდვა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შემსუბუქდება, კონკრეტულად: 

  • იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
  • აღდგება, როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

მათივე ცნობით, 3 იანვრიდან ყველა დასახელებული შეზღუდვა აღდგება.


close დახურვა