logo
ENG



ბავშვების სერიული მკვლელი და 18 წლის შემდეგ ნაპოვნი ბიჭის ცხედარი - შაბათის ფორმულა

16 აპრ 202220:07
3 წუთის საკითხავი
 

გასულ კვირას, 18 წლის წინ გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის ნეშტს მდინარე ლიახვის პირას, დამცავი ჯებირის ქვეშ ოჯახმა მიაგნო. 11 წლის ბიჭის საპოვნელად, მიწის გათხრა მშობლებს მოუწიათ. სერიულმა მკვლელმა, უვადო მსჯავრდებულმა იაგო ნებიერიძემ ოჯახს ბავშვის საფლავის შესახებ ციხიდან შეატყობინა. 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი საკუთარი ეზოდან გაუჩინარდა, სადაც მარტო თამაშობდა.

სერიული მკვლელის დედა ამბობს, რომ მისი შვილი გორიდან 18 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის საქმეში დამნაშავე არ არის. თუმცა, მისი კიდევ ერთი მსხვერპლის, 9 წლის ნანიკო ბერიანიძის ნათესავები დარწმუნებულები არიან, რომ ნებიერიძემ დანაშაული წლების წინაც ჩაიდინა. სწორედ ნანიკო ბერიანიძის მკვლელობის შემდეგ იპოვა პოლიციამ ჩიპი და დღიური, რომელშიც ბრალდებულს ბავშვების ფოტოები და ინფორმაცია ჰქონდა შენახული.

იაგო ნებიერიძის მეორე მსხვერპლის, 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის ბაბუა დარწმუნებულია, რომ სერიულ მკვლელს სხვა მსხვერპლი ბავშვებიც ჰყავს. მისი შვილიშვილის ნაწამები ცხედარი ნაგავსაყრელზე, ჩანთაში ჩადებული იპოვეს. ბაბუა დარწმუნებულია, რომ იაგო ნებიერიძემ მსხვერპლი ბავშვის დამარხვა ვერ მოასწრო, ამიტომ ცხედარი ნაგავსაყრელზე დატოვა.

იაგო ნებიერიძე, რომელიც ამჟამად ბრალს 9 წლის ნანიკო ბერიანიძის მკვლელობისთვის იხდის და უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, ციხეში თავდაპირველად სწორედ 11 წლის ბიჭის გაუჩინარების გამო მოხვდა. თუმცა, 2004 წელს მას მხოლოდ ზაქრო ბერძნიშვილის ოჯახისთვის წერილის გაგზავნა და გამოსასყიდის მოთხოვნა ჰბრალდებოდა. შაბათის ფორმულას ინფორმაციით, მას ბავშვი უკვე მოკლული ჰყავდა, როდესაც ოჯახს ბიჭის სიცოცხლისთვის 20 000 დოლარს სთხოვდა.

სერიული მკვლელის სხვა მსხვერპლ ბავშვებზე, გორში ბევრს საუბრობენ. ნებიერიძე 3 წლით დააპატიმრეს - ფულის გამოძალვისთვის, ამ პატიმრობის შემდეგ კი მან 17 დანაშაული ჩაიდინა - ძარცვა-ყაჩაღობა, მკვლელობის მცდელობა, თუმცა 2018 წელს ამნისტიის შედეგად ციხე ვადაზე ადრე დატოვა, გათავისუფლებიდან 8 თვეში ნებიერიძე 9 წლის ნანიკო ბერიანიძის მეზობლად, სახლის მშენებლობაზე მუშაობდა. ბავშვს შუადღის სამ საათზე აედევნა, როდესაც სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. იაგო ნებიერიძე იმავე ღამეს, ცხედრის აღმოჩენიდან მალევე დააკავეს.

მან ბრალი აღიარა და თქვა რომ 9 წლის ნანიკო მან მოკლა, თუმცა დღემდე არ უღიარებია ზაქრო ბერძნიშვილის მკვლელობა. ის ამბობს, რომ 11 წლის ბიჭი სხვებმა მოკლეს და თავად უბრალოდ ბავშვის დამარხვის პროცესს შეესწრო. ამასთან, იაგო ნებიერიძის ყოფილი თანამშრომლები შაბათის ფორმულას უყვებიან რომ, სერიულმა მკვლელმა ძალადობა მათი შვილის მიმართაც სცადა.

 


close დახურვა