საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პრემიერმინისტრი და კომერციული ბანკების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება საბანკო დავალიანების მქონე პირებს არ ჩამოეჭრებათ.
შეთანხმების შესაბამისად, თუ დახმარების ბენეფიციარს ბანკთან აქვს სასესხო ვალდებულება, მის დასაფარად, ბანკი კონკრეტულად აღნიშნულ სოციალურ დახმარებას არ მიმართავს. ამ საკითხთან დაკავშირებით ბანკებმა შესაბამის საოპერაციო დონეზე მუშაობა უკვე დაიწყეს.
შესაბამისი შეთანხმება საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე შედგა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა 1-ლი სექტემბრიდან დაიწყება. დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 742 000 ბავშვი და 442 000 მშობელი. სისტემაში რეგისტრაცია 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე გრძელდება.