ორგანიზაცია ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საქართველო რუსული კანონის მიღებით ევროპას, ევროპულ ფასეულობებსა და ადამიანის უფლებების ცნებას დაშორდა. მათი თქმით, ასეთ პირობებში მუშაობას ვერ გააგრძელებენ და ვერც ონკოპაციენტ ბავშვებს ექნებათ უკეთესი მომავალი.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამ კანონის მიღება ბოროტებაა ყველა იმ ბავშვის მიმართ, ვისაც ევროპაში პრობლემა შეექმნება და მთავრობის მოქმედებების გამო მკურნალობა შეუფერხდება.
"ევროპული ჯანდაცვა არის ის რისთვისაც ვიბრძვით! ევროპამ გადაარჩინა ასეულობით ონკოპაციენტი ბავშვი მაშინ, როცა საქართველოში მათი გადარჩენის არანაირი შანსი არ არსებობდა. ევროპა ესახება იმედად ყველა მშობელს რომლის შვილიც სიცოცხლისთვის იბრძვის საქართველოში თუ თურქეთში. ევროპა ითვლება ყოველთვის გამოსავლად სასოწარკვეთილი მშობლისთვის, ის ცივილიზებული სამყარო, რომელსაც დავშორდით რუსული კანონის მიღებით.
როგორც ჩანს ჩვენს მთავრობას პარტნიორებად ესახება ისეთი ქვეყნები როგორიცაა რუსეთი, ირანი, ჩინეთი და ა.შ. გინახავთ ადამიანი ვინც ჩვილი სამკურნალოდ რუსეთში ან ირანში წაიყვანა? ამ კანონის მიღება არის ბოროტება ყველა იმ ბავშვის მიმართ ვისაც შეექმნება პრობლემა ევროპაში და შეფერხდება მისი მკურნალობა ჩვენი მთავრობის ქმედებების გამო!
ბოროტებაა ყველა იმ ბავშვის მიმართ ვინც ვერ წავა ევროპაში და ვერ მიიღებს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას, მაშინ როცა მილიონრების შვილები ისევ იფრენენ თითის ატკიებაზეც ევროპის და ამერიკის კლინიკებში. ჯანდაცვის სისტემის დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან არის ყველა საღად მოაზროვნე ადამიანის მიზანი. დღეს ეს მიზანი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. ვის ამარა ვტოვებთ ბავშვებს?! რუსეთის?! ქვეყნის რომელმაც უკრაინაში ბავშვთა ონკოლოგიური განყოფილება გამიზნულად დაბომბა?"
ორგანიზაცია წერს, რომ მათი მუშაობა სწორედ ამერიკელი და ევროპელი ხალხის მხარდაჭერით ხერხდება, რაც დღეიდან კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
"ჩვენ არ ვაპირებთ რეგისტრაციას უცხოური ძალების გავლენების აგენტად არანაირ და არცერთ რეგისტრში. ყველა იმ ადამიანის გასაგონად ვინც გვეუბნება, რომ ეს კანონი ბავშვებს და შშმ პირებს არ შეეხებათ - თქვენ უბრალოდ არ და ვერ გაიგეთ ამ ბრძოლის არსი და აზრი. როცა მთავრობა იმ ორგანიზაციებს და ადამიანებს აცხადებს აგენტებად ვინც მართლა სიცოცხლის ფასად იცავს ჩვენი შვილების უფლებებს, თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩვენი რეგისტრაცია ამ სიაში იგივე დონის საქციელი არ იქნება რაც ჩაიდინა 84-მა მოღალატემ?!
ასეთ პირობებში ვერც ჩვენი ორგანიზაცია გააგრძელებს მოღვაწეობას და ვერც ონკოპაციენტ ბავშვებს ექნებათ უკეთესი მომავალი ამ ქვეყანაში.
ამ კანონმა უკვე მოახერხა და ყველას ოჯახში და ყველას სულში დაიწყო ხელების ფათური. ჩვენს საყვარელ ადამიანებს დაუკარგა სიმშვიდე და დააწყებინა ყველა საღად მოაზროვნე ახალგაზრდას ქვეყნიდან წასვლის გეგმაზე ფიქრი.... სამწუხაროა, რომ ჩვენს ორგანიზაციას ამის დაწერა, ახსნა და გაჟღერება უწევს! რადგან ეს არის ის პოზიცია რაც უთქმელადაც აქვს უმრავლესობას. ჩვენი შვილების ბედი წყდება დღეს, თუ კიდევ არსებობს შანსი ეს ქვეყანა ნათელ მხარეს მობრუნდეს...", - წერს ორგანიზაცია.