logo
ENG



ბავშვთა სიღარიბე, გენდერული ნიშნით ძალადობა, აქციებისას დაკავებები - ომბუდსმენის ანგარიში

19 ივნ 202417:45
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/19/u2uymveqjny3db3.jpg

სახალხო დამცველმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სხდომაზე 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გამოკვეთილ იმ ტენდენცებზე, რომელიც ხელისუფლების მხრიდან სათანადო რეაგირებას საჭიროებს. 

აპარატის ცნობით, ანგარიშის თემატური მიმოხილვისას ომბუდსმენმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას – დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში უშუალოდ მონაწილე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების დაუსჯელობის გამოძახილი უწოდა, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. ასევე, აღნიშნა საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თემურ კარბაიას სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტი.

"სიცოცხლის ხელყოფასთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ გრძელდება მოქალაქეთა უკანონო დაკავებებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა; ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას არ ეძლევა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა; ხოლო, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, საკუთრებისა და სხვა სახის უფლების დარღვევა, ყოველდღიურ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის", - აღნიშნულია ანგარიშში. 

სახალხო დამცველის განცხადებით, გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის პრევენციის, აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვის და დახმარების მიმართულებით არსებული ხარვეზების შედეგია 14 წლის აითაჯ შახმიროვას განზრახ მკვლელობის ფაქტი.

ანგარიშის თანახმად, გასულ წელს 24 ქალი მოკლეს, ხოლო ადგილი ჰქონდა 27 ქალის მკვლელობის მცდელობას.

ანგარიშში საუბარია ბავშვთა სიღარიბეზე. ომბუდსმენის თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 5,2%-ით გაიზარდა. მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან ასევე, ხანდაზმულები.

სახალხო დამცველმა ისაუბრა უსახლკარო ადამიანთა პრობლემებზე, საკანონმდებლო ხარვეზებზე, ერთიანი პოლიტიკის არარსებობაზე, სოციალურ საცხოვრისებში არსებულ არასათანადო გარემოზე. 

მისი თქმით, დღემდე არ დამტკიცებულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ მისაწვდომობის ეროვნული გეგმა და ინფორმაციისა და კომუნიკაციის მისაწვდომობის სტანდარტები. პრობლემურია ინკლუზიური განათლების ხარისხი და უწყვეტობა, ასევე, სხვადასხვა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა და მათი ორგანიზაციების არსებითი მონაწილეობა. გამოწვევებს შორის რჩება ძალადობის ფაქტების გამოვლენა და მათზე ეფექტიანი რეაგირება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წელს აქტუალური იყო მშვიდობიანი შეკრების სარგებლობასთან დაკავშირებული გამოწვევები, შეკრების ფორმისა და შინაარსის შეზღუდვის საკანონმდებლო ინიციატივები, შეკრების დაშლის მიზნით განხორციელებული არაპროპორციული და ზოგ შემთხვევაში, არალეგიტიმური ღორნისძიებები. 

"2024 წელს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უმრავლესობას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც მოწმობს, რომ წელს სამართალდამცავები უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას დაკავებულების წინააღმდეგ, ვიდრე ეს გასულ წელს ხდებოდა.

ქვეყანაში გამოწვევას წარმოადგენს მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს არარსებობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი მოძველებული კანონმდებლობა", – ვკითხულობთ ანგარიშში. 

სახალხო დამცველი შემაშფოთებელს უწოდებს ე.წ. გამჭვირვალობის კანონის ინიცირებას და მიუთითებს, რომ ის არ შეესაბამება გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებების დაცვის სტანდარტებს. 

"სამწუხაროდ, 2024 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის არაერთი ჩანაწერი პრობლემურია, რაც კანონის ადრესატებისთვის ღირსების შემლახავი შეიძლება გახდეს". 

იოსელიანი აღნიშნავს, რომ წლებია გამოწვევაა პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობა და არაფორმალური მმართველობის ცალკეული შემთხვევები. 

"დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო საკანში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსება; არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება, პატიმართა ადეკვატური სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა და პენიტენციური დაწესებულებების ფიზიკური გარემო.

აუცილებელია დაიხვეწოს პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისა თუ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მექანიზმთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზა; ასევე სასჯელის გადასინჯვის მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირება უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულებისთვის", – წერია დოკუმენტში. 

ამასთან, ომბუდსმენი საუბრობს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე და აცხადებს, რომ პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები. ასევე, სამართლებრივი ჩარჩო და არსებული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს პაციენტების მკურნალობას ღირსეულ და იძულებისაგან თავისუფალ გარემოში. ამასთან, არ განახლებულა პაციენტების შეზღუდვის მეთოდების გამოყენების ინსტრუქცია და წესები.

"თანასწორობის პოლიტიკის და დაუცველი ჯგუფების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სახელმწიფოს არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები, არ გაუმჯობესებულა არც პოლიტიკის დოკუმენტები, არც საკანონმდებლო რეგულირება.

პრობლემად რჩება ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის მავნე პრაქტიკის აღმოფხვრა და გოგოების სათანადოდ დაცვა. გამოწვევაა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლების ეფექტიანი განხორციელება და სერვისებზე წვდომა.

არ დაძრულა საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების ისტორიული მესაკუთრეებისთვის დაბრუნების, ასევე, მიყენებული ზიანისა და ჩამორთმეული ქონების ოდენობის აღწერისა და შეფასების საკითხი.

საქართველოს სასამართლო სისტემა კვლავ საჭიროებს საკანონმდებლო და ინსტიტუციური ხარვეზების გამოსწორებას, რაც ევროპის კავშირში ინტეგრაციის წინაპირობას წარმოადგენს". 

სახალხო დამცველი მისასალმებელს უწოდებს იმას, რომ სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანების საათობრივი ანაზღაურების მინიმალური ზღვარი დაწესდა, თუმცა ხაზს უსვამს, რომ კვლავ ღიაა ციფრულ პლატფორმაზე დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებებით სარგებლობის საკითხი და კერძო დამსაქმებლების მხრიდან ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლისთვის შვებულების ანაზღაურების ვალდებულება.

 


close დახურვა