მუდმივი მოწოდება სოციალური დისტანციის დაცვის შესახებ საზოგადოების მხრიდან ხშირად უყურადღებოდ რჩება. მოქალაქეთა ნაწილი არც სოლიდურ ფინანსურ სანქციებს უფრთხის. ბაზრებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ისევ ხალხმრავლობაა და საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები ირღვევა.
მაგალითად, ნავთლუღის ბაზარში საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ვაჭრობა და ხალხის ნაკადი არ წყდება. კანონი, რომელიც 3 კაცზე მეტის შეკრებას კრძალავს, აქ გამუდმებით ირღვევა. დისტანციას არც პოლიცია აკონტროლებს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ დაინფიცირების ეშინიათ, თუმცა განმარტავენ, რომ სხვა გზა არ აქვთ, რადგან პროდუქტის გაყიდვით მიღებული ფული მათი ერთადერთი შემოსავალია.
ქვეყანაში რომ საგანგებო მდგომარეობაა, დეზერტირების ბაზარშიც ნაკლებად იგრძნობა. ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე პროდუქტების შესაძენად კვლავ უამრავი ადამიანი მიდის. ჰიგიენის ნორმებიც ხშირად ირღვევა, პროდუქტები კი ზოგჯერ დახლების ნაცვლად მიწაზე დევს.
"ფორმულანიუსის" გამოჩენის შემდეგ მოვაჭრეებმა სასწრაფოდ დეზინფექცია დაიწყეს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ წესების დაცვას ცდილობენ და თუ სახელმწიფო ბაზარს დაკეტავს, მათი ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება. საფრთხეს მომხმარებელიც გრძნობს, თუმცა ამბობს, რომ ფასების სიმცირის გამო იძულებულები არიან, ბაზარში იარონ.
საგანგებო ზომების მიუხედავად, ხალხმრავლობაა იპოდრომზეც. ფეხბურთის თამაშსა და ჯგუფურ სეირნობას პოლიცია ხელს არ უშლის. საგანგებო ზომების მაქსიმალურად დაცვას ითხოვენ სპეციალისტები. მათი შეფასებით, განსაკუთრებულად საშიშია ბაზრების ტერიტორიები. მათი ვარაუდით, ბოლნისიდან და მარნეულიდან შემოტანილი პროდუქტის გაყიდვა სახიფათოა.
რამდენიმე რეგიონში აგრარული ბაზრების მუშაობა ხელისუფლებამ გუშინ შეაჩერა. თუმცა წინასწარ არც მოსახლეობა და არც მოვაჭრეები არ გაუფრთხილებია, რის გამოც ხალხი მარაგების გარეშე დარჩა.