ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლელა სურმანიძის თქმით, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში სავარაუდოდ, 7-8 ადამიანს ეძებენ. ეს მან ფორმულასთან საუბრისას თქვა და აღნიშნა, რომ კორპუსის ჩამონგრეულ ნაწილში, დაახლოებით, 12 ოჯახი ცხოვრობდა.
კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს. გარდა ამისა, კორპუსის ნანგრევებიდან ჩვილი ბავშვიც გადაარჩინეს.
მაშველებმა კომუნიკაცია დაამყარეს ადამიანებთან, რომლებიც ნანგრევებში მოყვნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში, პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელი ბინებიდან, ასევე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. კორპუსის ჩამონგრევის მიზეზებში უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.
უწყებაში აცხადებენ, რომ მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე. დამატებით, ასევე, მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. მიმდინარეობს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება.