ბათუმის პორტში ადასტურებენ, რომ ბეირუთის პორტში დასაწყობებული ამონიუმის ნიტრატი, რომლის შენახვის წესების დარღვევას ასახელებენ მასშტაბური აფეთქების მიზეზად, 2013 წელს გემით ბათუმის პორტიდან გაიტანეს.
"კი ბატონო, ბათუმიდან გავიდა. იყო 2013 წელს, აქ იტვირთებოდა და პორტიდან გავიდა გემი. მეტს ვერაფერს გეტყვით. უსაფრთხოების ზომები დაცულია", - თქვა "ფორმულასთან" ბათუმის პორტის წარმომადგენელმა.
რამდენიმე მედიის ცნობით, ბეირუთის პორტში დასაწყობებული ამონიუმის ნიტრატი, 2013 წელს საქართველოდან მოზამბიკში გადაჰქონდა გემს სახელწოდებით Rhosus. ხსენებული გემი, მედიის ცნობით, მოლდოვის დროშის ქვეშ ცურავდა.
ეს ინფორმაცია ლიბანურმა ტელეარხმა LBCI გაავრცელა მას შემდეგ, რაც ლიბანის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომა დასრულდა.
შეგახსენებთ, ლიბანის დედაქალაქში 4 აგვისტოს მომხდარ ორ აფეთქებას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ამ დროის ცნობებით, გარდაცვლილია სულ მცირე ასი და დაშავებულია 4000-ზე მეტი ადამიანი.