logo
ENG



ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები მერის კაბინეტიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს

13 დეკ 202111:08
3 წუთის საკითხავი
 

პოლიციამ ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები მერის კაბინეტიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. 

ოპოზიციის წევრები სწორედ არჩილ ჩიქოვანის კაბინეტში შეიკრიბნენ.

მათ ადგილზე გოგოლის ქუჩაზე მშენებლობის ფოტოები მიიტანეს, თქვეს, რომ უკანონოა და მერისგან რეაგირება მოითხოვეს. 

ოპოზიციონერები რეაგირებას ითხოვენ ბიზნესმენ მერაბ ფარტენაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, ბესო ცეცხლაძე იარაღით დაემუქრა.

არჩილ ჩიქოვანმა საკრებულოს ენმის წევრს, რეზო ხარაზს უთხრა, რომ ბესო ცეცხლაძესთან დაკავშირებული ინციდენტი გამოძიების საგანია. 

"თქვენ შეიარაღებული ადამიანების მომხრე ხართ მერიაში?"- იკითხა რეზო ხარაზმა.

"გამოძიების პრეროგატივაში თქვენ, მე და ნებისმიერი ადამიანი...".- თქვა არჩილ ჩიქოვანმა. 

ინციდენტი მათი მოკლეხნიანი ლაპარაკის შემდეგ დაიწყო. ჩიქოვანმა ოპოზიციონერების გაყვანა პოლიციას მოსთხოვა. 

ისინი ახლა მერიის შენობის დერეფანში არიან და ამბობენ, რომ არ წავლენ, სანამ მერი მათ ისევ არ შეხვდება. 

 


close დახურვა