ბათუმში გუშინდელ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 30 პირიდან, 9 ადამიანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამ წუთებში დანარჩენი დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
გუშინ აჭარის მთავრობის წინ დაწყებული აქცია, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, დაკავებებით დასრულდა. აქციაზე, სადაც ადამიანები პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ორი პირის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, სამართალდამცველებმა 30 პირი დააკავეს.
მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა კადრები, სადაც, მათი განმარტებით, ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც მიმდინარე წლის 7 მაისს ის პირები აიყვანეს, რომლის გათავისუფლებასაც აქციის მონაწილეები გუშინ ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეები დაკავებული პირების გათავისუფლებას ელოდებიან. მათი განცხადებით საპროტესტო აქციები არ შეწყდება მანამ, სანამ ელდარ ანთაძეს და რევაზ წულუკიძეს არ გაათავისუფლებენ.