ბათუმში ნგრევის საქმეზე ბრალდებულ 3 ადამიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის პირველი სართულის ბინის მფლობელისა და 2 მუშისთვის პატიმრობის შეფარდებას პროკურატურა ითხოვდა.
როგორც პროკურორმა სასამართლო პროცესზე თქვა, ბრალდებულებმა 8 ოქტომბრის დილით შენიშნეს, რომ კედლები მოძრაობდა და მისი გამაგრება სცადეს, შემდეგ კი შენობა დატოვეს. კორპუსის კი მცხოვრელებისთვის ამის შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.
ბრალდების მხარე პატიმრობას მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედების მოტივით ითხოვდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობის შესახებ გამოძიების მოთხოვნა დააკმაყოფილა და არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა დაკავებულების გირაოს საფუძველზე გათავისუფლების შესახებ.
ადვოკატი ამბობდა, რომ საქმეში არ არის დასკვნა, რომლიც მიხედვითაც დადასტურდება, რომ სახლი ბინის მეპატრონის რემონტის გამო დაინგრა.
წინასასამართლო სხდომა 1-ლ დეკემბერს დაინიშნა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა.
გარდაიცვალა 9 ადამიანი, მათგან 3 - ბავშვი.
გადარჩა ერთი კაცი, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
შსს-მ ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა.
შსს-ის განცხადებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რამაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.