აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები არასდროს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიებზე. ეს განცხადება მან წყნარი ოკეანის კუნძულების ლიდერებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
"მსურს, ვიყო ძალიან მკაფიო ამ საკითხის მიმართ. შეერთებული შტატები არასდროს, არასდროს, არასდროს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე", - თქვა ბაიდენმა.
პრესკონფერენციაზე მან უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ ჩატარებული ე.წ რეფერენდუმები დაგმო, მათ აბსოლუტურად ყალბი უწოდა და თქვა, რომ მათი შედეგები მოსკოვს წინასწარ ჰქონდა მომზადებული.
ამასთან, ბაიდენმა რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე გაერო-ს წესდების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძირითადი პრინციპების უხეში დარღვევა უწოდა.
"რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე იმპერიული ამბიციების განსახორციელებლად არის გაერო-ს წესდების და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძირითადი პრინციპების უხეში დარღვევა", - თქვა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
ცნობილია, რომ აშშ გეგმავს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ რეფერენდუმის გამო, მოსკოვს სანქციები დაუწესოს.