logo
ENG



ბაიდენი: ნავალნის დაღუპვაზე პუტინია პასუხისმგებელი

16 თებ 202421:41
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/16/o6sivrug7nkzt8a.png

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაღუპვასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინია.

"რამდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა მომხდარზე, როგორც ბევრი ადამიანი მსოფლიოში, არ ვარ გაკვირვებული, მაგრამ ვარ განრისხებული ამ უკანასკნელი განვითარების თვალსაზრისით ალექსეი ნავალნის მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც მამაცურად ებრძოდა კორუფციას და ყველა იმ ქმედებას, რასაც პუტინის რეჟიმი ახორციელებდა. საპასუხოდ, პუტინმა ის მოწამლა, დააპატიმრა, მსჯავრი დასდო სხვადასხვა დანაშაულებისთვის, ჰყავდა იზოლაციაში, ციხეშიც კი ნავალნი ფარდას ხდიდა პუტინის ტყუილებს, ციხეშიც კი სიმართლისთვის იბრძოდა, რაც მე მაოცებს.

მას შეეძლო მშვიდად ეცხოვრა სხვა ქვეყანაში 2020 წლამდე, მაგრამ ის დაბრუნდა რუსეთში, იცოდა, რომ შეიძლება იყო ციხეში აღმოჩენილიყო, მაგრამ აგრძელებდა სამუშაოს, იმიტომ რომ სწამდა თავისი ქვეყნის, რუსეთის და რუსეთის ხელისუფლება საკუთარ ისტორიას მოგვყვება ამ ვერსიასთან დაკავშირებით, მაგრამ არ დაუშვათ შეცდომა: პუტინია პასუხისმგებელი მისი სიკვდილის გამო. რაც მოუვიდა ნავალნის, ეს არის პუტინის მხეცობის კიდევ ერთი დადასტურება .არც ერთი რუსეთის მოქალაქე არ არის დაცული არც სახლში, არც მსოფლიოში. ის არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საზღვრებს გარეთაც დასდევს მოქალაქეებს", - თქვა ბაიდენმა.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა შესაფერისი დროა ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის, რომ მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და გააგრძელონ უკრაინის დახმარება, რომელიც იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ.

BBC წერს, რომ 2021 წლის ზაფხულში ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს შეხვდა, რის შემდეგაც ჟურნალისტებს მოუყვა: "მე მკაფიოდ გავაგებინე მას (პუტინს), რომ ჩემი აზრით, შედეგები იქნება დამანგრეველი რუსეთისთვის". მაშინ საუბარი იყო იმაზე, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ალექსეი ნავალნი ციხეში დაიღუპებოდა.

ჟურნალისტებმა დღევანდელ ბრიფინგზე ბაიდენს 2021 წლის ეს განცხადება შეახსენეს. მან თქვა, რომ ეს 3 წლის წინ ითქვა და მას შემდეგ, პუტინმა უკვე იგრძნო შედეგები, სანქციების სახით მის მიერ წამოწყებული ომის გამო.

ბაიდენს ჰკითხეს, იქნება თუ არა ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რაზეც მან უპასუხა: "ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა შესაძლებლობას".

***

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა

ნავალნი 47 წლის იყო.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: "გარდაცვალების მიზეზი დგინდება".

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია.

დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომ პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.

2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.

ეატპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.

3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.

აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.

 

 

 

 

 


close დახურვა