logo
ENG



ბაიდენი: პუტინის განზრახვების შეფასება ჩაის ფოთლებზე მკითხაობას ჰგავს

26 იან 202211:06
3 წუთის საკითხავი
 

თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, შესაძლოა ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს პერსონალური სანქციები დაუწესოს. 

ეს ჯო ბაიდენმა მას შემდეგ თქვა, რაც გაცხადდა, რომ 8500 ამერიკელი ჯარისკაცი "გაძლიერებულ მზადყოფნაშია", გადაინაცვლოს უკრაინის საზღვართან. 

"თუ რუსეთი უკრაინაში ყველა იქ მობილიზებული ჯარისკაცით შევა, ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი შეჭრა იქნება. ამან შესაძლოა მსოფლიო შეცვალოს".

ამასთან, მისი თქმით, 8500 სამხედრო არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ NATO-ს წარმოადგენს, მათი შემდგომი ქმედებები კი დამოკიდებული იქნება იმაზე, რას გააკეთებს ან არ გააკეთებს პუტინი. როგორც ბაიდენი ამბობს, ამერიკელი ჯარისკაცები არ შევლენ უკრაინაში. 

"ჩვენ არ ვგეგმავთ, ამერიკის ან NATO-ს ჯარები უკრაინაში განვათავსოთ. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, თუ პუტინი ქვეყანაში შეიჭრება, ამას სერიოზული უარყოფითი ეკონომიკური შედეგები მოჰყვება". 

კითხვაზე, როგორია რუსეთის უკრაინაში შეჭრის რისკი - გაიზარდა, შემცირდა თუ სტაბილურია, ბაიდენი პასუხობს, რომ პუტინის განზრახვების შეფასება "ჩაის ფოთლებზე მკითხაობას" ჰგავს. 

***

უკვე 2 თვეზე მეტია, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 ათასი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს.

სამხედრო მობილიზებას კრემლი უსაფრთხოების მოტივით ამართლებს და უარყოფს, რომ შეჭრას აპირებს. 

თუმცა, აშშ მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. 

უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების მობილიზების გამო NATO-ს ქვეყნები უკრაინას სამხედო დახმარებას უწევენ, ამასთან, აძლიერებენ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილს, რაც აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო გემების, საბრძოლო თვითმფრინავების და სხვა შეიარაღების დამატებითი რაოდენობის გაგზავნას გულისხმობს. 

დანია ბალტიის ზღვარში საბრძოლო ხომალდს - ფრეგატს აგზავნის, ასევე, ლიეტუვაში განათავსებს 4 ერთეულ F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს. ესპანეთი ასევე აგზავნის საბრძოლო გემებს, რომლებიც NATO-ს საზღვაო ძალებს შეუერთდებიან, ასევე, განიხილავს ბულგარეთში საბრძოლო თვითმფრინავების განლაგებას. საფრანგეთი გამოხატავს მზაობას, რუმინეთში, NATO-ს ბრძანების ქვეშ, ჯარისკაცები გაგზავნოს. ნიდერლანდები აპრილში ასევე გაგზავნიან 2 F-35 საბრძოლო თვითმფრინავს ბულგარეთში, რათა მხარი დაუჭირონ NATO-ს საჰაერო-სამხედრო აქტივობას რეგიონში. ასევე, აგზავნის როგორც გემს, ისე ქვეით დანაყოფებს, რათა შეუერთდნენ NATO-ს საპასუხო რეაგირების ძალებს. ასევე, აშშ-მ ცხადად განახცადა, რომ გეგმავს სამხედრო ყოფნის გაზრდას ნატოს აღმოსავლეთ ნაწილში. 

აშშ-მ კი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 200 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. ბოლო 2 წელიწადში აშშ-მ უკრაინას 650$-ის ღირებულების უსაფრთხოების მხარდაჭერა გაუწია, 2014 წლიდან კი ამ დახმარების 2,7 მილიარდს შეადგენს. 

გარდა ამისა, რუსეთს "არნახული" ეკონომიკური სანქციები ემუქრება აშშ-ის მხრიდან იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება. 

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან ჯარები განალაგა, დასავლეთს პირობები წაუყენა: 

უკრაინის სიახლოვეს NATO-ს სამხედრო განლაგებების გაუქმება, ალიანსი გაფართოებაზე უარის თქმა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული იმ გადაწყვეტილების უკან წაღება, რომლის თანახმადაც, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები.

რუსეთი ასევე ითხოვს, ნატოს ჯარები გავიდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ, ანუ მანამ, სანამ ეს ქვეყნები ალიანსის წევრები გახდებოდნენ. 

აშშ-მ და ნატომ რუსეთთან დიალოგი სცადეს. რუსეთის წარმომადგენლები კვლავ ქვეყნის მოთხოვნებს იმეორებენ და ამბობენ, რომ თუ დასავლეთი ამას არ გაითვალისწინებს, შეთანხმება ვერ შედგება.


close დახურვა