logo
ENG



ბაიდენი და შოლცი კონგრესს უკრაინის დახმარების სწრაფად დამტკიცებისკენ მოუწოდებენ

10 თებ 202412:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/10/zujvfmoesmhb92i.jpg

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ამერიკის კონგრესს უკრაინის დახმარების სწრაფად დამტკიცებისკენ მოუწოდებენ.

მედიის ინფორმაციით, შოლცმა ბაიდენთან თეთრ სახლში ვიზიტისას სწორედ უკრაინის დახმარების საკითხი განიხილა.

"თამამად შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთობები შეერთებულ შტატებსა და გერმანიას შორის ყველაზე აქტიური, მჭიდრო და მეგობრულია ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ჩვენ ვცდილობთ, დავძლიოთ ძირითადი გამოწვევები და კრიზისი, რომელშიც ახლა მსოფლიო იმყოფება. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე, უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიაა.

რუსეთი არღვევს არამხოლოდ ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ამიტომ აუცილებელია, მის შესაკავებლად მივიღოთ ყველა საჭირო გადაწყვეტილება ახლავე, რათა მხარი დავუჭიროთ კიევს. ევროპის ყველა სახელმწიფო უნდა გაერთიანდეს და მობილიზდეს, რათა რაც შეიძლება მეტი იარაღი მიაწოდონ უკრაინას. გერმანია აქტიურად გამოყოფს თანხებს დახმარებისთვის. განხილვის პროცესშია აშშ-ის მხარდაჭერის საკითხიც. გერმანიაც და შეერთებული შტატებიც, დარწმუნებულები ვართ, რომ კონგრესმა დახმარება ახლა უნდა დაადასტუროს", - განაცხადა შოლცმა.

გერმანიის კანცლერი ვაშინგტონში გუშინ გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ გაავრცელა. მანამდე, შოლცის აშშ-ში გამგზავრების შესახებ გამოცემა Bloomberg წერდა.

5 თებერვალს, აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდაჭერის შესახებ კანონპროექტი შეათანხმა. 8 თებერვალს კი სენატში, $95,34 მილიარდის ოდენობის კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც მოიცავს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარებას. სენატორებმა მხარი დაუჭირეს პროცედურულ შუამდგომლობას - 67 მომხრე, 32 წინააღმდეგი. მხარდამჭერებს შორის 17 რესპუბლიკელი იყო.

უსაფრთხოების სფეროში კანონპროექტი მოიცავს $61 მილიარდს უკრაინისთვის, $14 მილიარდს ისრაელისთვის და $4,83 მილიარდს ინდო-წყნარ ოკეანეში პარტნიორების მხარდაჭერისთვის, მათ შორის ტაივანისთვის, და ჩინეთის აგრესიის შეკავებისთვის.

ოქტომბერში ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს თხოვნით მიმართა, უკრაინის, ისრაელისა და შტატების საზღვრის უსაფრთხოების გეგმის დასაფინანსებლად 106 მილიარდი დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით. ინიციატივა წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო შეჩერდა.

ამასთან, ცნობილია, რომ 4 დეკემბერს, თეთრი სახლის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორმა კონგრესს მიმართვა გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ თუ კონგრესი არ იმოქმედებს, ვაშინგტონს უკრაინის დახმარებისთვის საჭირო სახსრები წლის ბოლოსთვის ამოეწურება.


close დახურვა