ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად გამოცხადდა. მან, საბოლოო ანგარიშით, 284 დელეგატის ხმა დააგროვა.
ბაიდენის გამარჯვება საბოლოოდ პენსილვანიის შტატმა გადაწყვიტა, ბაიდენმა ტრამპს შტატში 34 000 ხმით მოუგო.
პენსილვანიის შტატი ერთერთი იყო იმ შტატებიდან, რომლის შემობრუნებაც ბაიდენს არჩევნებში გასამარჯვებლად სჭირდებოდა. ხმათა 99%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, აშკარა გახდა, რომ პენსილვანიის შტატი საბოლოოდ გალურჯდა.
ბაიდენის გამარჯვება Guardian-ის, Cnn-ის, BBC-ისა და სხვა არაერთი რესპექტაბელური მედიის გათვლით (projection) უკვე დადასტურდა.
ბაიდენის კონკურენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი უკვე რამდენიმე დღეა საჯაროდ აცხადებს, რომ სხვადასხვა შტატის შედეგების გასაჩივრებას გეგმავს, თუმცა ყველა სამართლებრივი პროცედურის გათვალისწინებით, აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვარს უნდა შედგეს.
ბაიდენი (78 წლის) ინაუგურაციის დღეს ამერიკის ყველაზე მხცოვანი პრეზიდენტი იქნება, კამალა ჰარისი კი აშშ-ის პირველი ქალი და პირველი შავკანიანი ვიცეპრეზიდენტი.
აღსანიშნავია ისიც, რომ 28 წლის შემდეგ პირველად ამერიკელმა ხალხმა ქვეყნის პრეზიდენტი პირველი ვადის გასვლის შემდეგ გადაირჩია. ბოლო ასეთი შემთხვევა 1992 წელს მოხდა, როდესაც უფროსი ჯორჯ ბუში დემოკრატ ბილ კლინტონთან პირველი ვადის გასვლის შემდეგ დამარცხდა.