logo
ENG



ბაიდენის თქმით, ტრამპის მოძრაობის მომხრეები აშშ-ის დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენენ

02 სექ 202217:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/02/wo3sct8g2r54xv5.jpg

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მოძრაობის "გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული" (Make America Great Again) მომხრეები დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

ხუთშაბათს პენსილვანიაში გამოსვლის დროს ბაიდენმა კვლავ გააკრიტიკა ტრამპის მომხრეები და რესპუბლიკელები. კონგრესსა და სენატში შუალედურ არჩევნებამდე ორი თვეა დარჩენილი - შედეგები კი ვაშინგტონში ძალთა ბალანსს განსაზღვრავს. ამჟამად დემოკრატიულ პარტიას ორივე პალატაში უმრავლესობა აქვს.

"MAGA-ს ძალებს გადაწყვეტილი აქვთ, ჩვენი ქვეყანა უკან დააბრუნონ", - თქვა ბაიდენმა.

ამის საპასუხოდ წარმომადგენელთა პალატაში უმცირესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა კევინ მაკკარტიმ განაცხადა, რომ ბაიდენმა "ღრმა სულიერი ჭრილობა მიაყენა ამერიკას და მისი სული შეარყია" და მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. მაკკარტის თქმით, ბაიდენის პოლიტიკის გამო აშშ-ში გაიზარდა ინფლაცია, ქვეყანაში გაიხსნა საზღვრები, თუმცა პანდემიის გამო დაიხურა სკოლები. ავღანეთიდან ჯარების წარუმატებელ გაყვანასა და კრიმინალის ზრდის გამო მან პრეზიდენტი დაადანაშაულა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ განსჯის 74 მილიონ ამერიკელს, რომლებმაც ორი წლის წინ საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპს დაუჭირეს მხარი.

"ყველა რესპუბლიკელი და არც რესპუბლიკელთა უმრავლესობა არ არის MAGA-რესპუბლიკელი. მაგრამ დღეს ეჭვი არაა, რომ რესპუბლიკულ პარტიაზე დომინანტურ გავლენას ახდენენ დონალდ ტრამპი და MAGA-რესპუბლიკელები, რომლებიც მართავენ და აშინებენ მას. ეს დიდი საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის", - თქვა ბაიდენმა.


close დახურვა