აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხი განიხილა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
სატელეფონო საუბარი ბაიდენს, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლს, იტალიის პრემიერმინისტრ მარიო დრაგსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის გაიმართა.
თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიდერებმა განიხილეს სეროზული შეშფოთება რუსეთის სასტიკ ტაქტიკაზე უკრაინაში, მათ შორის მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმის შესახებ.
"მათ ხაზი გაუსვეს მათი მხრიდან უკრაინის მუდმივ მხარდაჭერას, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაწევას მამაცი უკრაინელებისთვის, რომლებიც იცავენ თავიანთ ქვეყანას რუსეთის აგრესიისგან, ასევე განიხილეს ჰუმანიტარული დახმარება მილიონობით უკრაინელისთვის, რომელიც ძალადობას გაექცა"- ნათქვამია განცხადებაში.
მიმდინარე კვირის ბოლოს ჯო ბაიდენი გაემგზავრება ევროპაში, სადაც ნატო-ს, ევროკავშირისა და G7-ის ლიდერებს შეხვდება. ასევე, პარასკევს დაგეგმილია შეხვედრა პოლონეთის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდასთან.