logo
ENG



ბაიდენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმა წარადგინა, ჰამასი მას პოზიტიურად შეხვდა

01 ივნ 202411:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/01/06a8p6l8lrdn12w.jpg

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პარასკევს წარადგინა ისრაელის სამეტაპიანი წინადადება მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ბაიდენის თქმით, დროა "ეს ომი დასრულდეს". მისმა წინადადებამ კი ჰამასში დადებითი რეაქცია გამოიწვია.

გეგმის პირველი ფაზა მოიცავს ცეცხლის შეწყვეტას ექვსი კვირით, როდესაც ისრაელის ჯარები მთლიანად გავლენ ღაზას დასახლებული პუნქტებიდან, რამდენიმე მძევალი, მათ შორის მოხუცები და ქალები, ასობით პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ გათავისუფლდება, პალესტინის მოქალაქეები სახლებში დაბრუნდებიან, ხოლო ღაზაში ასობით სატვირთო ჰუმანიტარული დახმარება შევა.

ამ ეტაპის ფარგლებში ჰამასი და ისრაელი ცეცხლის მუდმივ შეწყვეტაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რომელიც, ბაიდენის თქმით, იქამდე გაგრძელდება, "სანამ ჰამასი თავის ვალდებულებებს შეასრულებს". თუ მოლაპარაკებები ექვსი კვირაზე მეტხანს გაგრძელდება, ცეცხლის შეწყვეტაც გაგრძელდება.

მეორე ეტაპზე, ბაიდენის თქმით, მოხდება ყველა ცოცხალი მძევლის გაცვლა, მათ შორის კაცი ჯარისკაცების, ისრაელელი სამხედროები გავლენ ღაზას სექტორიდან და დაიწყება მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა.

მესამე ეტაპი ღაზას აღდგენის მასშტაბური გეგმასა და დაღუპული მძევლების ცხედრების ოჯახებისთვის დაბრუნებას მოიცავს.

"დროა ეს ომი დასრულდეს და ახალი დღე დაიწყოს”, - განაცხადა ბაიდენმა, რომელზეც ჰამასი-ისრაელის კონფლიქტის გამო დიდი ზეწოლაა.

ჰამასმა, რომელმაც, ბაიდენის თქმით, შეთავაზება კატარის გავლით მიიღო, გეგმა დადებითად შეაფასა. ჰამასში განაცხადეს, რომ მზად არიან, "პოზიტიურად და კონსტრუქციულად" ჩაერთონ ნებისმიერ შეთავაზებაში, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას, ისრაელელი სამხედროების გაყვანას, ღაზას აღმშენებლობასა და ლტოლვილების დაბრუნებას ეხება.

ბაიდენის გამოსვლის შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ უფლება მისცა ისრაელის მოლაპარაკებების ჯგუფს წარმოედგინა შეთანხმების გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ყველ მძევლის დაბრუნებას და ჰამასის სამხედრო და მმართველობითი პოტენციალის განადგურებას. 

"ისრაელის მთავრობა ერთიანია რაც შეიძლება მალე ჩვენი მძევლების დაბრუნების სურვილში და მუშაობს ამ მიზნის მისაღწევად. აქედან გამომდინარე, პრემიერმინისტრმა უფლება მისცა მოლაპარაკების გუნდს წარმოადგინოს გეგმა ამ მიზნის მისაღწევად და დაჟინებით მოითხოვოს, რომ ომი არ დასრულდება მანამ, სანამ არ მიიღწევა მისი ყველა მიზანი, მათ შორის ყვევალ მძევლის დაბრუნება, ჰამასის სამხედრო და სამმართველო ძალების ლიკვიდაცია", - აღნიშნულია ოფისის განცხადებაში.  

თეთრ სახლში გამოსვლის დროს ბაიდენმა მოუწოდა ისრაელის ხელისუფლებას შეეწინააღმდეგონ ზეწოლას იმათი მხრიდან, ვინც ომის გაურკვეველი დროით გაგრძელებას მოითხოვს. მისივე თქმით, ასე ხალხი მმართველ კოალიციაშიცაა.

"მათ ღაზას ოკუპაცია სურთ. მათ ბრძოლის წლობით გაგრძელებაა უნდა, და მძევლები არ არიან მათთვის პრიორიტეტები", - თქვა ბაიდენმა და მოუწოდა ისრაელს, ხელიდან არ გაუშვას ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა.


close დახურვა