აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ სატელეფონო საუბარი გამართეს. ბაიდენმა ზელენსკის უთხრა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად ნაბიჯებს გადადგამს აშშ სწრაფად და ცხადად უპასუხებს.
"პრეზიდენტმა ბაიდენმა კვლავ ხაზი გაუსვა აშშ–ის მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ. პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად თქვა, რომ აშშ თავის მოკავშირეებთან ერთად, სწრაფად და ცხადად უპასუხებს რუსეთის აგრესიას უკრაინისადმი. ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ მნიშვნელოვანია დიპლომატიური გზის გაგრძელება და რუსეთის შეკავება უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზების პირისპირ" – ნათქვამია თეთრი სახლის გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონთან სატელეფონო კომუნიკაცია უკრაინისთვის მეტი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერისთვის განაახლა.
"ძლიერი ეკონომიკური მხარდაჭერა აჩვენებს პუტინს, რომ დასავლეთი უკრაინასთან დგას და პუტინის ესკალაცია შედეგს არ გამოიღებს" – უთხრა ზელენსკიმ ბაიდენს, უკრაინის ოფიციალური პირის სიტყვებით.
CNN–ის ინფორმაციით, თეთრი სახლის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მომდევნო კვირებში უკრაინას მაკროეკონომიკურ მხარდაჭერას გაუწევენ.
უკრაინული მხარის ინფორმაციითვე, ზელენსკიმ ბაიდენს უკრაინაში ჩასვლა სთხოვა. თუმცა აშშ–ის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ეს უკიდურესად ნაკლებ სავარაუდოა.
გუშინ უკრაინამ აშშ–სგან სამხედრო დახმარების ახალი პარტია მიიღო.