logo
ENG



ბარათაშვილის ხიდიდან ორბელიანის მოედნამდე ტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება

28 მაი 202018:36
3 წუთის საკითხავი
 
oji1ituhmqfza7k.jpg

რეაბილიტაციის სამუშაოების გამო ბარათაშვილის ხიდიდან ორბელიანის მოედნამდე საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 3 ივნისამდე მოძრაობა აკრძალული იქნება ბარათაშვილის ხიდიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. თავისუფლების მოედანზე მოსახვედრად, მძღოლებს შეუძლიათ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, მშრალი ხიდისკენ იმოძრაონ. ასევე, გადაადგილდნენ ჭანტურიას ქუჩაზე და რუსთაველის გამზირის გავლით, თავისუფლების მოედანზე მოხვდნენ. აღნიშნული მარშრუტი იმოქმედებს უკუმიმართულებით მოძრაობის დროსაც.

ასევე მოძრაობა თავისუფალი იქნება გმირთა მოედანზე, საიდანაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლები მელიქიშვილის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გავლით, თავისუფლების მოედანზე მოხვედრას შეძლებენ. თავისუფლების მოედნიდან კი მოძრაობა დაშვებული იქნება მაჩაბლისა და ასათიანის ქუჩების გავლით, საიდანაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლები ვახტანგ გორგასალის ქუჩისკენ გადაადგილდებიან.

მერიის განმარტებით, სამუშაოების მეორე ეტაპისთვის, რომელიც 3 ივნისიდან 10 ივნისამდე პერიოდში ჩატარდება, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით. მესამე ეტაპზე კი, 10 ივნისიდან 13 ივნისის ჩათვლით, პირველი ეტაპის მსგავსად, მოძრაობა გადაიკეტება ბარათაშვილის ხიდიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოების მეოთხე ეტაპს, 13-დან 16 ივნისამდე, სატრანსპორტო გადაადგილება შეიზღუდება თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდისკენ მოძრავი ავტომობილებისთვის. პროექტის ყველა ეტაპზე, ტრანსპორტი იმოძრავებს დაწესებული მარშრუტის შესაბამისად.

ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, შპს ჯი არ ჯი ასრულებს. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ბორდიური, ხოლო ტროტუარი მოპირკეთდება ბუნებრივი ქვის ფილებით. ასევე, შეიცვლება გარე განათების ბოძები, დამონტაჟდება LED განათების სისტემა, ელექტროსადენები კი, მიწის ქვეშ მოექცევა.


close დახურვა