logo
ENG



ბარამიძე: გადადგეს ზურაბიშვილი ან მისი იმპიჩმენტის საკითხს დავაყენებთ

11 დეკ 201917:56
3 წუთის საკითხავი
 
2sk36bwg3n0a69d.png

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს თანამდებობიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ დაიწყებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაყენების საკითხს.

ბარამიძემ მოუწოდა „ოცნების“ წევრებსაც, რომ შემოუერთდნენ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში.

„ე.წ. საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ მორიგი  მოღალატეობრივი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ საქართველოს არ ჰყავს ჯარი და არც მომავალში ეყოლება. ეს არის ამ ადამიანის მორიგი განცხადება, რომელიც არღვევს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს. ჩვენ კარგად გვახსოვს მისი არაერთი განცხადება, რომ საქართველომ დაიწყო რუსეთთან ომი. ისიც გვახსოვს, რომ ეს ადამიანი თავზე დაასვა ივანიშვილმა ქართველ ხალხს. შესაბამისად, მთელი პასუხისმგებლობა ამ მავნებლური ადამიანის საქმიანობაზე ეკისრება „ქართულ ოცნებას“. სალომე ზურაბიშვილმა ამ განცხადებით შეურაცხყოფა მიაყენა ყველა იმ ჯარისკაცს, რომელმაც თავი დასდო საქართველოსთვის, მან შეურაცხყოფა მიაყენა ანწუხელიძისა და დამენიას ხსოვნას. მან შეურაცხყოფა მიაყენა მთელ ჩვენს არმიას. მიუხედავად ივანიშვილის რეჟიმის მავნებლობისა, სწორედ ამ ოფიცრების პატრიოტიზმისა ქართველი ჯარი არის ის ინსტიტუტი, რომელსაც ქართული საზოგადოება ყველაზე მეტად ენდობა. ასევე ჯარი არის ჩვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მთავარი ფაქტორი. ჩვენ მოვითხოვთ ზურაბიშვილი დაუყოვნებლივ გადადგეს თანამდებობიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ ვიწყებთ კონსულტაციებს სხვა ფრაქციებთან, რათა დავაყენოთ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობიდან იმპიჩმენტით გათავისუფლების საკითხი. თუ უნდათ ამ პროცესს შემოუერთდნენ „ქართული ოცნების“ წევრები, შეუძლიათ შემოგვიერთდნენ“, - განაცხადა ბარამიძემ. 


close დახურვა