logo
ENG



ბარამიძე: ნაციონალური მოძრაობიდან ნიკა მელიას გარიცხვის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ

27 ნოე 202311:44
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ ფორმულას ეთერში ნიკა მელიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. ბარამიძის თქმით, უმეტესობამ ხაბეიშვილის განცხადება აღიქვა, "როგორც მელიას გარიცხვის გადაწყვეტილება, თუმცა ასე პირდაპირ ეს არ თქმულა".

ბარამიძის თქმით, "კატეგორიულად არ მოსწონს მელიას მიერ პარტიის ლანძღვის კამპანია", თუმცა ამავდროულად აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობიდან ნიკა მელიას გარიცხვის წინააღმდეგი იყო და არის". ბარამიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავმჯდომარეს წევრის გარიცხვის უფლებამოსილება აქვს, "არ იზიარებს ასეთი ნაბიჯის პოლიტიკურ მიზანშეწონილობას".

"ზოგადად ცივილიზირებული პარტიული დემოკრატიისთვის და ენმ-სთვისაც აზრთა სხვადასხვაობა უცხო არაა, ხშირად ყოფილა შემთხვევები, როცა თავმჯდომარის ან მთლიანად პარტიის გადაწყვეტილებებს (მაგალითად პარლამენტში შესვლაზე) არ ვიზიარებდი, მაგრამ ცხადია უმრავლესობის აზრს ყოველთვის პატივს ვცემდი.

ახლაც ასეა ზუსტად და ამას საჯაროდ ვამბობ.

მე ვიყავი და ვიქნები მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი და ვაპირებ მასთან ერთად ბრძოლას. ენმ არის მიშას გუნდი. ამავდროულად ენმ-ს ყავს ლეგიტიმურად არჩეული თავმჯდომარე, პოლიტიკური საბჭო, გენერალური მდივანი და სამდივნო.

თუ ჩემი ამ საკითხში პარტიის თავმჯდომარესთან შეუთანხმებლობა, ჩემს ენმ პოლიტიკურ მდივნობასთან შეუთავსებლად ჩაითვლება მზად ვარ თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს ჩემი ამ თანამდებობიდან წასვლაზე მივმართო, ცხადია ესეც წესდებით მათი უფლებამოსილებაა რომ გადაწყვიტონ.

თუ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მე მას მშვიდად მივიღებ. მეტიც, თუ საჭირო გახდა პოლიტიკურ საბჭოსაც დავტოვებ და ვიქნები ენმ რიგითი წევრი და სანამ ენმ-ს ლიდერი მიშა იქნება, მე ვიქნები მიშას გვერდით, მიშას გუნდში. ენმ და მიშას გუნდის რიგითი მებრძოლის სტატუსიც ძალიან საპატიოდ მიმაჩნია.

მე მჯერა ენმ-ში ბევრი ძველი მებრძოლი დაბრუნდება და ახლებიც დაგვემატებიან. მჯერა მთავარი მიზანი არ დაგვავიწყდება და ფოკუსი არ აგვერევა. 

მიშასთან ერთად და მიშას ლიდერობით, საქართველო  მოღალატეთა რეჟიმისგან უნდა ერთად გავათავისუფლოთ. ესაა მთავარი და ამ ბრძოლაში რიგითად ბრძოლაც საპატიოა. მე მჯერა ჩვენი გამარჯვების.

საქართველოში უნდა გათენდეს! თავისუფლება მიშას! დიდება საქართველოს!", - წერს გიორგი ბარამიძე.

26 ნოემბერს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა გადაცემა კვირის ფორმულაში პარტიის ყოფილ თავმჯდომარეზე ისაუბრა. ხაბეიშვილის თქმით, ნიკა მელია "არ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას".

ხაბეიშვილს ჰკითხეს, გაუშვა თუ არა მან პარტიიდან ნიკა მელია, რომელმაც ვარდების რევოლუციის 20 წლის იუბილეზე პარტიის მიერ წარდგენილ მანიფესტს ხელი არ მოაწერა.

"მე არ გამიშვია, მე არ გამიგდია, ეს გადაწყვიტა მან, რომ ის არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი. [...] ის არ ირიცხება ნაციონალურ მოძრაობაში", - თქვა ხაბეიშვილმა.

***

ნაციონალური მოძრაობა 11-პუნქტიან მანიფესტს: "რუსი ოლიგარქი ან საქართველო - ტოტალური შეტევა სისტემაზე" აქვეყნებს, რომელიც პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას ასახავს.

ნაციონალური მოძრაობის 11-პუნქტიანი მანიფესტი სრულად

პარტიული მანიფესტის ინიციატივით მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბერს გამოვიდა და თქვა, რომ ვინც მას ხელს არ მოაწერდა, ავტომატურად დააყენებდა თავს "პარტიის გარეთ". მან გამოქვეყნებულ პოსტში ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესების მიმართ თავის დამოკიდებულებაზე ისაუბრა და თქვა, რომ "არ აქვს პრობლემები კონკრეტული ადამიანების მიმართ, თუმცა ვერ დაეთანხმება ცალკეულ მიდგომებს".

სააკაშვილის თქმით, ვერ იზიარებს ზოგიერთ მოსაზრებას ლევან ხაბეიშვილის, პეტრე ცისკარიშვილისა და პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის ნაკლებობასთან დაკავშირებით. მან ნაციონალურ მოძრაობას, მათ შორის პარტიის მხარდამჭერებს შესთავაზა, რომ 23 ნოემბრამდე შემუშავებულიყო მანიფესტი, რომელშიც შესული იქნება ყველა ფუნდამენტური საკითხი, რომელსაც ერთობლივად მოაწერენ ხელს.

მოგვიანებით, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის 20 წლისთავთან ნაციონალურ მოძრაობაში დიდი შეკრება გაიმართება, რომელზეც ბევრი საკითხი განიხილება.

ლევან ხაბეიშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა, იქნება თუ არა 23 ნოემბერი პარტიაში ერთიანობის გამოვლინების დღე და "ვინც წასვლას აპირებენ - წავლენ, თუ დარჩებიან", რაზეც ლევან ხაბეიშვილმა უპასუხა: "თუ არადა, გავუშვებთ. კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებ, ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი".

 


close დახურვა