„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე „ფორმულანიუსთან“ დღევანდელ მაშტაბურ აქციაზე საუბრობს. მისი თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილება არის მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიისთვის, სწორედ ამიტომ დღეს ყველა ოპოზიციური პარტია, მიუხედავად რადიკალური განსხვავებებისა, ერთად დგას. „მე ვფიქრობ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს იმ აღშფოთებას, რომელიც გამოხატული ოპოზიციური პარტიის ერთიანობის მიერ და უნდა ითქვას, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აბსოლუტურად უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა ყველა პარტია, გარდა სახელისუფლებოსი, არის გაერთიანებული და ეს გამოიწვია იმან, რასაც ზოგადად ამ მთელი 7 წლის განმავლობაში რასაც აკეთებს ივანიშვილი. ჯერ გავრილოვის ღამის შემდგომ მოქმედებებმა, როდესაც ახალგაზრდებს თვალი დასთხარეს და შემდგომ ივანიშვილის დაპირების ასე უნამუსოდ და უტიფრად ხალხის მოტყუების გამო. ასეთი უტიფრობა არის საზოგადოების შეურაცხყოფა და აქედან გამომდინარე, საარჩევნო სისტემის ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მომავალი დემოკრატიისთვის და იმისთვის რომ საქართველოს პარლამენტში იყოს ის რაოდენობა დეპუტატებისა, რა პროპორციითაც საზოგადოება უჭერს მხარს ამა თუ იმ პარტიას“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
გიორგი ბარამიძის თქმით, ეს საპროტესტო აქციები, საბოლოო ჯამში, აუცილებლად გამოიღებს შედეგს.
„როდესაც რეჟიმი უპირისპირდება ხალხს, მით უმეტეს, რომელსაც ყელში ამოუვიდა ეს უკუსვლა, ყელში ამოუვიდა უმუშევრობა, უიმედობა, საქართველოდან გაქცეულია ასობით ათასი ადამიანი, რომლის რიცხვმაც ახლა უკვე მილიონ ორასი ათასს მიაღწია, ამდენი მშიერი ბავშვი, კრიმინალი კორუფცია და მოპარული ფულები და ფულების პარვისა და საქმის გაფუჭების პარალელურად, უზარმაზარი პრემიები და პრივილეგიები, ეს ყველას ყელში ამოუვიდა განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა. აქ ყველანი ვართ ჩვენ შეკრებილები დიამეტრულად განსხვავებული ფილოსოფიის, ორიენტაციის პარტიები. და უფრო მეტიც, ჩვენ ვხედავთ „ქართული ოცნების“ დაშლის პროცესს, უტიფრობას, თავხედობას, რაღაცის გამართლებასაც აქვს ზღვარი და ის ადამიანები, რომლებიც სულ ცოტა ხნისწინ თავგამოდებით იცავდნენ ივანიშვილს, როგორც ჩანს, იმათაც ამოასხათ, ძალიან სერიოზული დასაყრდენები გამოაკლდა ივანიშვილს - ორი ვიცესპიკერი, კომიტეტის თავმჯდომარეები და ფრაქციების თავმჯომარეები, ძალიან სერიოზული რღვევის პროცესია და როდესაც რეჟიმი ასე უტიფრად იქცევა, როდესაც რეჟიმი ასე მავნებლობს, როდესაც შეგნებულად ღალატობს ეროვნულ ინტერესებს, როდესაც ჩვენი ქვეყანა უკან უკან მიდის ნაცვლად წინსვლისა და პლუს, კიდევ კადრულობს ასეთ უტიფარ ტყუილს, ბუნებრივია, საზოგადოება აღშფოთებულია. როდესაც რეჟიმი უპირისპირდება საზოგადოებას, საზოგადოება მშვიდობიანად აუცილებლად გაიმარჯვებს“, - განაცხადა ბარამიძემ.