თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე რექტორის არჩევნებს ერთ-ერთმა კანდიდატმა გიორგი ბარამიძემ ბოიკოტი გამოუცხადა. მისი განცხადებით, პროცესი პოლიტიზებული და დისკრედიტებულია.
მისვე თქმით, დაინტერესებულ ძალებს უნივერსიტეტში რუსული ინტერესების გატარება სურთ.
"ამ არჩევნებს გამოვუცხადე ბოიკოტი, მე არ ვღებულობ მონაწილეობას ვინაიდან ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე დისკრედიტებული, პოლიტიზებული და ჩემი ღრმა რწმენით ემსახურება ხელისუფლების ინტერესებს.
დაინტერესებულ ძალებს უნდათ რუსული ინტერესების გატარება. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან ჩემს მიმართ გარკვეულ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ონლაინ მსვლელობის დროს თითქოს მათ ჩემი ხმა არ ესმოდათ და მე მათი ხმა მესმოდა", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
გიორგი ბარამიძის ბრალდებებთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც გიორგი ბარამიძემ ZOOM-ის საშუალებით ვერ მოახერხა კომუნიკაცია და ვერ ჩართო მიკროფონი, მას შესთავაზეს, რომ ონლაინ რეჟიმში გასაუბრებოდა აკადემიური საბჭოს წევრებს და გაეკეთებინა უნივერსიტეტის განვითარების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია, თუმცა მან მაინც ბოიკოტის რეჟიმის გამოყენება არჩია.
"ერთერთმა კანდიდატმა ბოიკოტი გამოუცხადა პროცესს, ზუსტი მიზეზი არ ვიცი. კანდიდატმა თითქოს ვერ ჩართო მიკროფონი, რომ მისი ხმა აკადემიური საბჭოს წევრებს გაეგოთ. ადმინისტრაციამ მას არაერთხელ შესთავაზა, რომ მოსულიყო ჩვენი დახმარებით, გაეკეთებინა პრეზენტაცია", - ამბობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნატა ასათიანი.
თსუ-ს თვითმმართველობის წარმომადგენლის შოთა კეზერაშვილი კი ამბობს, უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარება "კრიტიკულად მნიშვნელოვანია":
"არჩევნების ჩატარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია უნივერსიტეტისთვის. პლაგიატთან მიმართულებაში ვინც მოღვაწეობს უნივერსიტეტში ყველას მხრიდან ვფიქრობ, რომ ეს არის სამეცნიერო თაღლითობა. ამაზე ერთიანი აზრი არის ჩამოყალიბებული. მაგრამ ასე უბრალოდ ადამიანის დადანაშაულებაც არ იქნება სამართლიანი, თუკი ეს არ იქნება დადასტურებული", - განაცხადა შოთა კეზერაშვილმა.
თსუ-ს რექტორობის არჩევნებში 2 კანდიდატი, მოქმედი რექტორი გიორგი შერვაშიძე და ცირა ბარამიძე მონაწილეობს. ონლაინ კონსულტაციები დასრულებულია, მიმდინარეობს კენჭისყრა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სამოქალაქო აქტივისტები და სტუდენტები არიან შეკრებილი. ისინი თსუ-ს რექტორის არჩევნებში გიორგი შარვაშიძის კანდიდატურას აპროტესტებენ.
ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა 2020 წლის 21 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოფიციალურად დადასტურდა თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში პლაგიატი.
მან ილიას უნივერსიტეტიდან წერილი გამოაქვეყნა, რომელიც, მისი თქმით, ადასტურებს, რომ შარვაშიძის 2003 წლის სადისერტაციო ნაშრომის 34% პლაგიატია.