logo
ENG



ბატურინი სუს-ის განცხადებაზე: სრული ბოდვაა, რეპრესიებისთვის ნიადაგს ამზადებენ

19 სექ 202310:07
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, მიხეილ ბატურინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მორიგი "გადატრიალების" შესახებ ბრალდებას "სრულ ბოდვას" უწოდებს. ბატურინი ერთ-ერთია, ვინც სუს-მა "სახელმწიფო გადატრიალების" შესახებ სავარაუდო გეგმის ავტორად დაასახელა.

"ეგ არის სრული ბოდვა, რაც ახლა გამოაცხადეს. მე ვფიქრობ, ამას აქვს დიდი დატვირთვა - გასაგებია, რომ პოლიტიკური კურსი, რომელიც შერჩეული აქვს ამ რუსულ ადმინისტრაციას საქართველოში, არ არის ქართველი ხალხის არჩევანი. ყველანაირად მიაქანებენ საქართველოს რუსეთისკენ და სავარაუდოდ, თვითონ ცდილობენ რაღაც პროვოკაციებს და ამზადებენ ნიადაგს რეპრესიებისთვის", - განაცხადა მან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს. მათი განცხადებით, ამის საბოლოო მიზანი "ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა".

უწყების თანახმად, "დესტრუქციული პროცესების" დასაწყებად ეს კონკრეტული თარიღები იმიტომ შეარჩიეს, რომ ამ პერიოდში ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს. მათი თქმით, "სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად მომზადების შეთქმულთა მოლოდინი" გათვლილია იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა უარყოფითი იქნება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ გეგმის ავტორებად კონკრეტულ პირებს ასახელებენ - სუს საუბრობს საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილესა და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძეზე, ასევე, მის დაქვემდებარებაში მყოფ ქართული წარმოშობის მქონე პირებზე, მათ შორის მამუკა მამულაშვილზე.


close დახურვა